ნინო ბურჯანაძე საარჩევნო ხმების გადათვლას ითხოვს

“ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ხმების გადათვლას მოითხოვს და აცხადებს, რომ სასამართლოში წარსადგენად 200 სარჩელია გამზადებული.
ნინო ბურჯანაძის თქმით, ის შეხვდა ცესკო-ს თავმჯდომარეს, რომელსაც ის დოკუმენტები გადასცა, რომელთა საფუძველზე ფიქრობს, რომ არჩევნების შედეგების გადახედვა შეიძლება დღის წესრიგში დადგეს.
„შემიძლია რამდენიმე ინფორმაცია მოგაწოდოთ – ოქმების მთელი დასტა ვაჩვენე ბრიფინგზე გუშინ, საბურთალოს რაიონში 80 უბნიდან 40 უბანი არის დაუბალანსებელი, მთაწმინდის 31 უბნიდან 30 ოქმი არის დაუბალანსებელი. ვაკეში ნახევარი ოქმები არის დაუბალანსებელი, სამგორში 104 უბნიდან 67 არის დაუბალანსებელი. დაუბალანსებელში ვგულისხმობ იმას, რომ მოსული არის გარკვეული რაოდენობა, ხოლო ხმა მიცემული აქვს მოსულ რაოდენობაზე მეტს. ესე იგი ჩაყრილია ბიულეტენი ხომ? როგორ შეიძლება ეს ასე განსხვავდებოდეს. ასევე არის გურიაში, სამეგრელოში და ყველა რაიონში“,- განაცხადა ბურჯანაძემ.
პარტიის ლიდერის თქმით, იმას, რომ მათ მეტი ხმა აქვთ აღებული, ადასტურებს აჭარის მონაცემები, სადაც “ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიულ მოძრაობას“ 7 პროცენტამდე აქვს აღებული.
„გადაამოწმეთ, საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა შემთხვევა, რომ რომელიმე პარტიის მხარდაჭერის აჭარის მონაცემები და დანარჩენი საქართველოს მონაცემები ორჯერ განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან. როგორ, აჭარაში 7-მა პროცენტმა მოგვცა ხმა და დანარჩენ საქართველოში ნახევარმა? უბრალოდ იცოდნენ, რომელ უბანზე უნდა გაეყალბებინათ, რომელ უბნებზე უნდა ემუშავათ“, – აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები