ტექსტილის საწარმო, რომელიც 1500 ადამიანს დაასაქმებს, ფოთში 6 თვეში ამოქმედდება

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ფოთში ახალი სამკერვალო საწარმოს საძირკვლის ჩაყრის საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
როგორც “კვირას” ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, უცხოური ინვესტიციით შექმნილი შპს „აჭარა ტექსტილი“ 6 თვეში ფოთში უახლოესი საერთაშორისო სტანდარტების სამკერვალო ფაბრიკის ამოქმედებას გეგმავს, სადაც ქალის, მამაკაცისა და ბავშვის სპორტული ტანსაცმლის წარმოებას აპირებს.
შპს „აჭარა ტექსტილი“ აღნიშნული ბიზნესპროექტის განხორციელებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში გეგმავს. კომპანია სარგებლობს სამთავრობო პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას მეწარმეობის განვითარების სააგენტო განახორციელებს. კომპანიას საწარმოს ასაშენებლად საჭირო ტერიტორია 4 ჰა. მიწის ფართობი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან ნომინალურ ფასად გადაეცა.
„რთული დასაჯერებელია, რომ სულ რაღაც 6 თვეში აქ უკვე იდგება ევროპული სტანდარტების, მაღალტექნოლოგიური საფეიქრო ფაბრიკა, რომელიც თავდაპირველად 1500 პირს დაასაქმებს, ხოლო საწარმოს სრული სიმძლავრით ამუშავებისას, ჯამში, 3 000-მდე ადამიანი დასაქმდება, თუმცა ეს რეალურია და ამ ყველაფრის მომსწრეები თავად გახდებით,“ – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა პრეზენტაციაზე. მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ინვესტორი 15 მილიონ აშშ დოლარამდე თანხას დახარჯავს.
დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, „აჭარა ტექსტილი“ წარმატების მხოლოდ ერთი მაგალითია იმ 205 საწარმოდან, რომელსაც სახელმწიფომ მხარი დაუჭირა პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში და რომლის დახმარების შედეგად, ჯამურად, 445 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება.
აღსანიშნავია, რომ კომპანია „აჭარა ტექსტილი“ უკვე ფლობს ორ სამკერვალო ფაბრიკას ბათუმსა და ქობულეთში და დასაქმებული ჰყავს 2500 ადამიანი. არსებულ საწარმოებში ყოველთვიურად 100 ახალი თანამშრომელი გადის გადამზადების კურსს.
შპს „აჭარა ტექსტილი“ თანამშრომლობს ისეთ წამყვან საერთაშორისო კომპანიებთან, როგორებიცაა: “Nike”, “Puma”, “Lotto”, “Erima”, ხოლო ახლო მომავალში დამკვეთი კომპანიების რიცხვს შეემატება “New Balance” და “Under Armour”. კომპანია 100%-ით ექსპორტზეა ორიენტირებულია, საწარმოში დამზადებული პროდუქცია იგზავნება თურქეთში არსებული კომპანიის სათაო ოფისში, საიდანაც ხდება პროდუქციის გადანაწილება მსოფლიოს მაშტაბით.
ახალი საწარმოს საძირკვლის ჩაყრის ცერემონიას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი და მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი ანი კვარაცხელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები