დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის პრეზენტაციას დაესწრო

680 მლნ. აშშ დოლარი დაიხარჯება 8 მასშტაბური პროექტისთვის, რომლებიც თბილისში, გურიაში, აჭარასა და სამეგრელოში განხორციელდება . ამის შესახებ “საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის” პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი. ტურიზმის განვითარების ფონდი, საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, ტურიზმის განვითარებაზე ორიენტირებული პროექტებისთვის შეიქმნა. ფონდის პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ესწრებოდა.
„ტურიზმი არის ჩვენი ეკონომიკის ძალიან ტრადიციული, ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორი და ძალიან სასიხარულოა, როდესაც თანაინვესტირების ფონდი, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინვესტორი ჩვენს ქვეყანაში, იღებს გადაწყვეტილებას, ჩამოაყალიბოს ტურიზმის განვითარების ფონდი, სადაც უკვე დღეს დაწყებული პროექტების მოცულობა არის 680 მილიონი დოლარი. ეს პროექტები მომავალში შექმნის 2500 მუდმივ სამუშაო ადგილს და მშენებლობის პროცესში 20 ათას სამუშაო ადგილს“, – განუცხადა ჟურნალისტებს დიმიტრი ქუმსიშვილმა.
„დღეს თანაინვესტირების ფონდმა და ტურიზმის განვითარების ფონდმა შექმნეს სასტუმროების მართვის კომპანია, რომელიც უკვე ლიცენზირებულია „მარიოტების ქსელის“ მხრიდან, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ კომპანიას აქვს ყველანაირი შესაძლებლობა, დამატებით გაუწიოს კონსულტაციები იმ კომპანიებს, რომლებსაც სასტუმრო ბიზნესში შესვლა უნდათ, რომლებსაც უნდათ ხარისხის ინფრასტრუქტურაზე კონსულტაცია და მთლიანად ამ მიმართულების განვითარება“ ,- აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ინფორმაციით, დასახელებული 8 პროექტიდან სამ კომპლექსში უკვე შემოსულია “მარიოტის” საერთაშორისო ქსელის უმაღლესი კატეგორიის ბრენდი Autograph Collection. ეს პროექტებია: სასტუმრო თავისუფლების მოედანზე, სასტუმრო სოლოლაკსა და სასტუმრო შეკვეთილში. როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, შენდება უმაღლესი კლასის, არქიტექტურულად უპრეცედენტო სამსაფეხუროვანი კომპლექსი, რომელიც მოიცავს მრავალფუნქციურ კომპლექსებს თავისუფლების მოედანთან, სოლოლაკის ქედზე და თაბორის მთაზე. პროექტებს შორის არის ასევე განმუხურში 190-ნომრიანი სასტუმრო და 100 ჰექტარზე მეტი ფართის მქონე ბოტანიკური ბაღი, რომლის პრეზენტაციაც განმუხურში რამდენიმე დღის წინ შედგა.
როგორც ტურიზმის განვითარების ფონდის პრეზენტაციაზე აღინიშნა, ფონდის დაარსების მიზანია ქვეყანაში ტურისტული ინფრასტრუქტურის სწრაფი განვითარების ხელშეწყობა და კონკრეტული პროგრამების განხორციელება ტურიზმში ჩართული კომპანიების მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად, რისთვისაც დაგეგმილია რეგიონალური ტრენინგცენტრების შექმნა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და ტურიზმის სფეროში ჩართული ადგილობრივი მოსახლეობის გადამზადება.
ფონდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მისია ტურისტული მიზიდულობის ახალი ცენტრების შექმნა და დამატებითი ინვესტიციების მოზიდვაა, ეკონომიკურად ნაკლებად აქტიურ რეგიონებში. მათი ინფორმაციით, ამის კარგი მაგალითია ფონდის პროექტები განმუხურსა და შეკვეთილში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები