ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოვალეობას ლევან ბოძაშვილი შეასრულებს

საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოვალეობას ლევან ბოძაშვილი შეასრულებს. როგორც „კვირას“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ლევან ბოძაშვილი აღნიშნულ თანამდებობაზე საქართველოს პრეზიდენტის N30/09/02 განკარგულებით დაინიშნა, რომელიც 2016 წლის 2 ოქტომბრით არის დათარიღებული.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბოძაშვილს უშიშროების საბჭოს მდივნის მოვალეობის შესრულება დაეკისრება იქამდე, ვიდრე პრეზიდენტი ახალ მდივანს დანიშნავს.
ლევან ბოძაშვილი 2015 წლის ივნისიდან ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილედ მუშაობს. ის 2014 წლიდან იყო სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ტერიტორიული მოწყობის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი.
2014 – 2015 წლებში მუშაობდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს უფროსის თანამდებობაზე. 2012 წლის ოქტომბრიდან არის ნიუ-იორკის ფორდჰემის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მიწვეული პროფესორი და მკვლევარი. კითხულობს ლექციებს შედარებით კონსტიტუციურ სამართალში. 2006 წლიდან დღემდე აკადემიური საქმიანობა მოიცავს ლექციების კურსებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტსა და საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (ჯიპა) კონსტიტუციურ სამართალში, ევროპული კავშირის სამართალსა და საგარეო ურთიერთობებში, დიპლომატიურ და საკონსულო სამართალში, კიბერსამართალში.
როგორც ცნობილია, უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი, რომელიც პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშნა, მოსამართლის უფლებამოსილების შესრულებას გუშინ შეუდგა.
14449747_1476589369023715_3146230885658818884_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები