ირაკლი კობახიძე – რევოლუციურ სცენარზე ინფორმაცია ”ნაცმოძრაობის” ოფისებიდან მოგვდის

“სკანდალური ჩანაწერის გავრცელებამდე, ჩვენი წყაროებიდან მსგავსი სცენარის შესახებ ინფორმაცია უკვე გვქონდა და ის სწორედ ”ნაციონალური მოძრაობის” ოფისებიდან მივიღეთ”, – აღნიშნულის შესახებ ”ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ საგაზეთო ინტერვიუში აცხადებს.
როგორც ”კვირის პალიტრასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და ”ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების სავარაუდო საუბრის ჩანაწერზე საუბრისას კობახიძე აცხადებს, ეს ინფორმაცია იმის გამო ჟონავს, რომ იქ ყველა არ არის წამსვლელი ”ნაცმოძრაობის” ლიდერების მიერ დაგეგმილი დანაშაულებრივი გეგმის შესრულებაზე.
”ზუსტად ვიცით, რა გეგმები ჰქონდათ წინასაარჩევნოდ და არჩევნების შემდეგაც – სურდათ პროვოკაციების მოწყობა, რითაც პოსტსაარჩევნო პროცესისთვის ფონი შემზადდებოდა, მოვლენების განვითარება ინტენსიური უნდა ყოფილიყო, თუმცა არც ერთი ინციდენტისა და პროვოკაციის საშუალება არ მივეცით. პარალელურად, ჩვენს აქტივისტებს ვეუბნებით: ”შეგაგინებენ – არ უნდა უპასუხო, დაგარტყამენ – ხმა არ გასცე”,- განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით,  დაგეგმილი იყო პროვოკაციების მთელი ჯაჭვი.
”გვქონდა ინფორმაცია ე.წ. პარალელური ორგანიზაციების შექმნის შესახებაც. შექმნეს კიდეც ასეთი ორგანიზაცია ”საქართველოს ერთგულების სახელით”, რომელსაც ”ნაციონალური მოძრაობის” გეგმები უნდა განეხორციელებინა. რაც შეხება ფაქტებს, ერთ-ერთი სერიოზული ინციდენტი  ლევან გოგიჩაიშვილის შტაბში მართლაც დაფიქსირდა”, – განაცხადა ”ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა.
ირაკლი კობახიძის თქმით, პროვოკაციების მოწყობის ყველაზე მაღალი ალბათობა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში და ბათუმშია.
”ბათუმსა და ზუგდიდში აქციები ვიწრო ქუჩებში ჩაატარეს, რეალურად კი თუნდაც აჭარაში ადგილობრივ შტაბს 6 000 კაცის მობილიზება ჰქონდა დავალებული, თუმცა მხოლოდ 2500-მდე კაცის შეკრება მოახერხა. ზუგდიდშიც იგივე სურათი იყო. მეტიც, ზუგდიდის შტაბში თბილისიდან ჩასული ლიდერები უკმაყოფილებას არ მალავდნენ და ადგილობრივი აქტივის ხელმძღვანელები მწვავედაც გააკრიტიკეს.
ჩვენი პრინციპული პოლიტიკის შედეგია ის, რომ ”ნაციონალური მოძრაობა” აბსოლუტურად უსუსურ და მარგინალურ პოლიტიკურ ძალად იქცა. 8 ოქტომბერს მათი მარგინალიზაცია ამომრჩეველმა საბოლოოდ უნდა გააფორმოს”, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები