„შეიძლება იყო ევროპული ორიენტაციისა და გქონდეს კარგი ურთიერთობა რუსეთთან“

  მთელ ევროპას აქვს კარგი ურთიერთობა რუსეთთან, შესაბამისად, შეიძლება იყო ევროპული ორიენტაციისა და გქონდეს კარგი ურთიერთობა რუსეთთან, – ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილი თურქეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში აცხადებს. მისივე თქმით, რუსეთის ინტერესების მოსმენა შეიძლება მხოლოდ ერთი დაშვებით – საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა იქნას აღიარებული და მას პატივი სცენ. “მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ სრულიად რეალისტურ პოლიტიკას ვაწარმოებთ. გვესმის, რომ რუსეთს აქვს თავისი ინტერესები, მაგრამ ამ ინტერესების გააზრება და მოსმენა შეიძლება მხოლოდ ერთი დაშვებით – საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა იქნას აღიარებული და მას პატივი სცენ. შესაბამისად, ეს არანაირად არ არის გამორიცხული. რუსეთისთვის საინტერესო უნდა იყოს სტაბილური საქართველო და გვჯერა, რომ ჩვენი მეგობრების, რაციონალური დიალოგის მეშვეობით, რუსული მხარე დაინახავს, რომ ტერიტორიულად მთლიანი საქართველო, რომელიც არის ევროპის, ევროატლანტიკური პროცესის ნაწილი, მხოლოდ საინტერესოა მათთვის და არა პირიქით. ამ მიმართულებით ჩვენ არა მხოლოდ თეორიულად ვმუშაობთ, არამედ გადადგმულიც გვაქვს ქმედითი ნაბიჯები. ჩვენ გვაქვს ჟენევის ფორმატი, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს რუსეთთან უაღრესად მძიმე საკითხებზე საუბარი. ეს არის მძიმე საერთაშორისო ფორმატი და მასში მონაწილეობენ ჩვენი პარტნიორები და მეგობრები მთელი მსოფლიოდან. იმედი გვაქვს, ეს ფორმატი შედეგს გამოიღებს. ჩვენ გვაქვს ასევე ახალი ფორმატი – პრაღის ფორმატი, სადაც ჩვენი საგანგებო წარმომადგენელი ესაუბრება რუს დიპლომატებს სწორედ იმ თემებზე, რომლებზეც შეგვიძლია შევთანხმდეთ. ეს არის ეკონომიკური საკითხები, კულტურული ურთიერთობები. ეს ფორმატი, ბუნებრივია, ბევრად უფრო წარმატებულ რეჟიმში მიმდინარეობს, მეტიც, ამ ფორმატის ფარგლებში იმედი გვაქვს, რომ ის ემოციური ფონი, დაძაბულობა, რომელიც ბუნებრივად არსებობს, დეესკალაციას განიცდის. ამ დეესკალაციის ფონზე კი ნელ-ნელა დავიწყებთ საუბარს, როგორ შეიძლება გამოვიდეთ შექმნილი ვითარებიდან და მოვაგვაროთ წარმოშობილი პრობლემა, რომელიც, ჩვენი ღრმა რწმენით, არავის არ აწყობს”, – აცხადებს პრეზიდენტი მარგველაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები