ფინანსთა მინისტრის მოადგილე 2017 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი მნიშვნელოვნად შეიცვლება.
კომენტარს, რომელსაც ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს “კვირა” უცვლელად გთავაზობთ:
„პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ჩვენ გვაქვს გარკვეული შეზღუდვები საარჩევნო პერიოდთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, საარჩევნო კოდექსის 49-ე მუხლის მესამე და მეოთხე პუნქტებით, ცალსახად იკრძალება საარჩევნო პერიოდის განმავლობაში, არჩევნებამდე 60 დღით ადრე და არჩევნების შედეგების შეჯამებამდე, ყოველგვარი ახალი ინიციატივების წარმოდგენა როგორც სოციალური გასაცემლების მიმართულებით, ასევე, სხვა ახალი პროგრამების დაწყება და შეღავათების დაწესება. სწორედ ამიტომ, ჩვენ 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი მოვამზადეთ იმ მოცემულობაში, რა ვალდებულებაც ჰქონდა აღებული სახელმწიფოს საარჩევნო პერიოდის დაწყებამდე. შესაბამისად, ყველა ეს ვალდებულება გათვალისწინებულია ბიუჯეტში და გამოყოფილია შესაბამისი თანხებიც.
რაც შეეხება ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტს, დოკუმენტი საარჩევნო პერიოდის დასრულების შემდგომ, მნიშვნელოვნად გადამუშავდება. გაიზრდება მისი ჯამური მოცულობა და მასში გათვალისწინებული იქნება ბევრი სიახლე, მათ შორის, იმ პროექტების/პროგრამების ზრდა, რომელიც გააუმჯობესებს ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალს და ტურისტულ ინფრასტრუქტურას, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
მისი თქმით, დამატებითი ინფრასტრუქტურული პროექტები დააჩქარებს ეკონომიკურ აქტივობას და შესაბამისად, ბიუჯეტში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელიც გადაიხედება. როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, პარალელურ რეჟიმში მუშობა მიმდინარეობს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, არამხოლოდ 2017 წლის, არამედ 2017-2020 წლების ძირითადი პარამეტრების შესათანხმებლად.
პროექტის გადამუშავება განხორციელდება საქართველოს პარლამენტისათვის საბოლოო ვარიანტის წარდგენამდე, რისთვისაც გაგრძელდება აქტიური მუშაობა როგორც სამინისტროებთან, ასევე პარლამენტის შესაბამის კომიტეტებთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები