თამაზ ნავერიანი: „ნაცმოძრაობა“ მარნეულში პროვოკაციებს გეგმავს

მარნეულის გამგებლის მერაბ თოფჩიშვილისა და “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თამაზ ნავერიანის განცხადებით, მუნიციპალიტეტში “ნაცმოძრაობა” პროვოკაციას გეგმავს.

თამაზ ნავერიანის თქმით, “ნაცმოძრაობა” კვლავ არღვევს მშვიდობის მემორანდუმით გათვალისწინებულ ყველა პრინციპს.

“ჩვენ ვაფრთხილებთ და მოვუწოდებთ ჩვენს მომხრეებსა და მოსახლეობას, რომ არავითარ შემთხვევაში არ აყვნენ პროვოკაციებს, რომლებიც იგეგმება “ნაცმოძრაობის” მხრიდან. ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ ჩვენს საარჩევნო კამპანიას და ღირსეულად გავიმარჯვებთ”, – აღნიშნა თამაზ ნავერიანმა.

მერაბ თოფჩიშვილის განცხადებით კი, “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების მოსახლეობასთან შეხვედრას, “ნაცმოძრაობამ” მანიფესტაციის ჩატარება გამიზნულად დაამთხვია.

“მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს დაგეგმილია მმართველი პარტიის მაჟორიტარი კანდიდატების შეხვედრა მოსახლეობასთან, რაც მოსახლეობისთვის გარკვეული დროით ადრე იყო ცნობილი. აღნიშნულის შესახებ მუნიციპალიტეტში განცხადება 29 სექტემბერს იქნა შეტანილი. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, “ნაცმოძრაობის” კანდიდატმა შეიტანა განცხადება მუნიციპალიტეტში მანიფესტაციის ჩატარების შესახებ იგივე დროსა და ადგილას, რაც ძირითადად ემსახურება კონფრონტაციას და პროვოკაციულ ხასიათს ატარებს”, – აღნიშნა თოფჩიშვილმა.

მარნეულის გამგებელმა მიმართა მოსახლეობას და მოუწოდა, არ აჰყვნენ პროვოკაციას.

“ასევე მინდა თხოვნით მივმართო სამართალდამცავ ორგანოებს, უზრუნველყონ ღონისძიების წყნარ და მშვიდობიან გარემოში ჩატარება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, “ნაცმოძრაობის” მიერ გაკეთებული განცხადება მანიფესტაციის ჩატარების შესახებ და გზის გადაკეტვასთან დაკავშირებით, ემსახურება პროვოკაციას და კონფრონტაციულ ხასიათს ატარებს. მათ იციან, რომ ამოწურული აქვთ ყველა იმედი და ემსახურებიან მისი ლიდერის განცხადებებს, რათა შემოიტანონ დესტაბილიზაცია და ამ გზით გზით მიაღწიონ წარმატებებს”, – განაცხადა მერაბ თოფჩიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები