ვახტანგ ჭარაია: თსუ-ში ჰარვარდის ბიზნესსკოლის პროექტი დაბლოკეს

თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი ვახტანგ ჭარაია ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანს, თემურ ბერიძეს ჰარვარდის კურსის დაბლოკვაში ადანაშაულებს.
პროექტზე შარშან ყოფილ რექტორთან, ვლადიმერ პაპავასთან ერთად ჰარვარდის სკოლაში მოლაპარაკებები გაიმართა.
კურსი ახალი სასწავლო პროცესის დაწყებისთანავე უნდა დანერგილიყო თბილისის სახელმწოფო უნივერსიტეტში, თუმცა, როგორც ჭარაია აღნიშნავს, პროექტი ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტმა ჩაშალა.
“პროექტს ჯერ კიდევ შარშან, მრავალთვიანი მოლაპარაკების შედეგად, მე და ყოფილმა რექტორმა, ვლადიმერ პაპავამ ჩავუყარეთ საფუძველი.
ჩვენ გვინდოდა, მოგვცემოდა შესაძლებლობა, ჰარვარდის ბიზნესსკოლაში აკრედიტებული კურსების ზუსტი კოპირება მოგვეხდინა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რის საშუალებაც მოგვეცა. პირადად მე გახლდით წასული ამერიკაში ტრენინგებზე, რადგან ვარ ამ სკოლის ლექტორიც. უკვე მიღწეული იყო შეთანხმებაც და გარკვეული თანხაც გადავიხადეთ.
ბიზნესის ფაკულტეტს ჰქონდა პირდაპირი ვალდებულება, რომ განეხორციელებინა ეს პროექტი და არ მიეშვა თვითდინებაზე, თუმცა ფაკულტეტმა, კერძოდ კი თეიმურაზ ბერიძემ, მიიღო გადაწყვეტილება, რომ კურსი,რომელიც ჰარვარდში იკითხება და არის წამყვანი ბიზნესსკოლების კურსი, სუსტია და ამის გამო პროექტის განხორციელებაზე უარი თქვა.
ეს უკვე იმაზე მეტყველებს, თუ რა დონის კვალიფიციური სპეციალისტების ხელშია თსუ-ში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი. მომდევნო ეტაპზე დაგეგმილი იყო თსუ-სა და ჰარვარდს შორის კონკურენტუნარიანი ინსტიტუტის ჩამოყალიბება, თუმცა დაიწყო სასწავლო წელი და უარი მივიღეთ“, -განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ვახტანგ ჭარაია ჰარვარდის ბიზნესსკოლის კურსის ჩაშლის გამო თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტს სასამართლოში უჩივლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები