ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი შვეიცარიაში დაიწყო

garibashvili4

   საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შვეიცარიაში გაემგზავრა. იგი 44-ე დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერი სიტყვით გამოვა სესიაზე – „ ევრაზია – შემდეგი ზღვარი” და “სამხრეთ კავკასია და ცენტრალური აზია: გზა გლობალური ეკონომიკისკენ”, სადაც ის ენერგოსექტორის უპირატესობებზე, ეკონომიკური ზრდის პოტენციალსა და რეგიონთაშორისი ინტეგრაციის გამოწვევებზე ისაუბრებს. სესიას საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად დაესწრება ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი.
სესიებზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ გაიმართება დისკუსია. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს “მსოფლიო ლიდერების არაფორმალურ შეხვედრაში”, სადაც განისაზღვრება მომავალი წლის ეკონომიკური პრიორიტეტები. ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი რამდენიმე ქვეყნის პირველ პირთან პირისპირ შეხვედრას გამართავს, მათ შორის არიან: შვეიცარიის კონფედერაციისა და ყაზახეთის პრეზიდენტები, ასევე საუდის არაბეთის პრინცი ტურკი ალ ფაიზალი. დაგეგმილია შეხვედრები მსოფლიოში წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებთან: LAZARD, TATA SONS LTD, EMAAR PROPERTIES, JUMEIRAH GROUP, BLACKSTONE GROUP, LAFARGE, AGILITY LOGISTICS, AGCO, ROYAL PHIPIPS, MOLLER MAERSK. ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდება მსოფლიო ბანკისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ხელმძღვანელებს. დაგეგმილია შეხვედრა ჯორჯ სოროსთან. ვიზიტის დასაწყისში ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი თავმჯდომარის პროფესორ კლაუს შვაბის კერძომიღებასა და სადილს. ვიზიტის განმავლობაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი წამყვანი უცხოური მედიასაშუალებების ყურადღების ცენტრშიც მოხვდება. უკვე დაგეგმილია პირდაპირი ჩართვის განხორციელება ტელეკომპანია CNBC -ის ეთერში. ირაკლი ღარიბაშვილი ინტერვიუს მისცემს ტელეკომპანია BBC-ს და სააგენტო BLOOMBERG-ს. პრემიერ-მინისტრთან ერთად საქართველოს დელეგაციაში იმყოფებიან: ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე,საქართველოს თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი, ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია, ასევე „საქართველოს რკინიგზის” გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები