გია შარვაშიძე: „აუდიტორია 115“ პოლიტიკურ ინტერესებს ატარებს, თუმცა არ აკონკრეტებს, ვის ინტერესებს

რამდენიმე წუთში გია შარვაშიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის რანგში აკადემიურ საბჭოს პირველ სხდომას გამართავს. სხდომა 16:00 საათზე დაიწყება. სხდომის დაწყებამდე რექტორმა ჟურნალისტებთან „აუდიტორია 115“ -ის შესახებ ისაუბრა.
„აუდიტორია 115“ პოლიტიკურ ინტერესებს ატარებს, თუმცა არ აკონკრეტებს, ვის ინტერესებს“, – განაცხადა უნივერსიტეტის რექტორმა, გია შარვაშიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. მისივე თქმით, „აუდიტორია 115“ არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელშიც გაერთიანებული არიან სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები, არასტუდენტები და ასე შემდეგ.
თავის მხრივ, „აუდიტორიის“ წევრები ამ განცხადების გამო ბოდიშის მოხდას ითხოვენ, რადგან მათი თქმით, ისინი დამოუკიდებელ ძალას წარმოადგენენ, რომელიც საუნივერსიტეტო ცხოვრების გაუმჯობესებისათვის იბრძვის. აუდიტორიის ერთ-ერთმა წევრმა აღნიშნა, რომ გია შარვაშიძე 4 წლის განმავლობაში რექტორის პოსტს ვერ დაიკავებს და ამაზე სანაძლეოც კი აქვს დადებული.
რექტორის განცხადებით, იგი ამ პოსტზე დარჩენას 4 წელზე დიდხანსაც აპირებს. მისივე განმარტებით, ძალიან მალე, როგორც კი პარლამენტი მუშაობას დაიწყებს, კანონში ცვლილებები დაიწყება. რექტორის განცხადებით, ეს ის რეფორმებია, რაზეც ჯერ კიდევ განათლების მინისტრის მოადგილეობის რანგში შეთანხმდა სტუდენტებთან. ამის საპასუხოდ სტუდენტებმა დამატებით, შეთანხმებითი დოკუმენტის შედგენა და მასზე ხელის მოწერა შესთავაზეს. რექტორის თქმით, სამ თვეში იქნება მზად სტრატეგიული განვითარების დოკუმენტი, რომლის შემუშავებაშიც თავად სტუდენტებსაც შეეძლებათ ჩართვა.
“სწორედ ეს სტრატეგიული განვითარების დოკუმენტი იქნება ჩვენი შეთანხმების დოკუმენტი. ის, რომ დღეს უნივერსიტეტში ყველაფერი რიგზე არ არის, ფაქტია, თუმცა მჯერა, რომ ცოტა ხანში ძალიან დიდი ნაბიჯები გადაიდგმება იმ კუთხით, რომ უნივერსიტეტი გახდება ადგილი, სადაც სამაგალითო სასწავლო პროცესია”,-განაცხადა შარვაშიძემ.
„აუდიტორია 115”-ის წევრის, გიორგი ჯავახაძის თქმით, „აუდიტორია“ იმსჯელებს, შეუერთდება თუ არა დოკუმენტის შემუშავების პროცესს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები