სამეგრელოში ოჯახური კონფლიქტი ტრაგედიით დასრულდა – არაბეთის მოქალაქემ თავი დაიწვა

ოჯახური კონფლიქტი ტრაგედიით დასრულდა. ხობის რაიონში, ცოლ-ქმარს შორის ჩხუბის შემდეგ, ქმარმა, თვითმკვლელობის მიზნით, სხეულზე ბენზინი გადაისხა და თავი დაიწვა. მამაკაცი არაბეთის მოქალაქეა, რომელიც დამწვრობის ცენტრში სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებებით მიიყვანეს.
ექიმების მცდელობის მიუხედავად, 51 წლის იოსეფ ა-რი კლინიკაში გარდაიცვალა. ამჟამად, ცხედარი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროშია მოთავსებული.
„კვირას“ ინფორმაციით, შემთხვევა ხობის რაიონის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. მეზობლების განცხადებით, ცოლ-ქმარი ძირითადად ისრაელში ცხოვრობდა და ზაფხულობით საქართველოში ჩამოდიოდა. მათ სამი შვილი ჰყავთ. უფროსი გოგონა 18 წლისაა, მომდევნო ორი შვილი კი სკოლის მოსწავლეები არიან.
გავრცელებული ინფორმაციით, ქმარი ცოლს აიძულებდა, რომ სამოსი არაბული ტრადიციებით ეტარებინა. თუმცა, მეზობლები კონფლიქტის მიზეზს ვერ აკონკრეტებენ.
„ეს ოჯახი ძირითადად ისრაელში ცხოვრობდა. ამ ზაფხულს ისრაელიდან სოფელში ჩამოვიდნენ. აქ ქალის მშობლები ცხოვრობენ. ცოლი 43 წლისაა და დიდი ხნის წინ ცოლად არაბეთის მოქალაქეს გაყვა. მათ სამი შვილი ჰყავთ. უფროსი გოგონა უკვე 18 წლისაა, დანარჩენები სკოლაში სწავლობენ. რატომ იჩხუბეს ოჯახში, არ ვიცი. ოჯახური კონფლიქტი ჰქონდათ. ამ ჩხუბის შემდეგ, ისეთი რამ მოხდა, გაოგნებული ვარ. ვერც კი მივდივარ მათთან სახლში. ცხედარი სოფელში ჯერ არ მოუსვენებიათ“, – განუცხადა „კვირას“ სოფლის რწმუნებულმა ნანა ნ-იამ.
როგორც „კვირასთვის“ გახდა ცნობილი, არაბეთის დანახშირებული მოქალაქე თბილისში, დამწვრობის ცენტრში რეანომობილით გადაიყვანეს. ბ.იაშვილის სახელობის თერმული დაზიანებისა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, პაციენტს კლინიკაში შემოსვლისთანავე სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა. მისივე თქმით, სამწუხაროდ, პაციენტი კლინიკაში შემოსვლიდან 5 საათში გარდაიცვალა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შს სამინისტროში სსკ-ს 115-ე მუხლით საქმე აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები