ძუძუს კიბოსთან ბრძოლის კამპანიის პირველი ტური დასრულდა

ლიბერთი ბანკის პარტნიორობითა და კომპანია ეივონ (AVON) კოსმეტიქს საქართველოს ეგიდით, საქართველოში მიმდინარეობს კამპანია – „ერთად ვიბრძოლოთ ძუძუს კიბოს წინააღმდეგ – შემოგვიერთდით!“.

ლიბერთი ბანკი, საკუთარი მომსახურების არხების მეშვეობით, შერჩეულ რეგიონებში ავრცელებს კომპანია ეივონთან ერთად შემუშავებულ საგანმანათლებლო ლიტერატურას თვითშემოწმებისა და სკრინინგის საჭიროების შესახებ. დამატებით, ლიბერთი ბანკის მომსახურების არხების მეშვეობით, მომხმარებელი იღებს ინფორმაციას, თუ როდის ეწვევა მის სოფელთან თუ ქალაქთან ახლომდებარე დასახლებას კომპანია ეივონის მობილური კლინიკა.

ძუძუს კიბოსთან ბრძოლის კამპანია 2016 წლის 15 აგვისტოდან დაიწყო. კამპანიის პირველი ტურის ფარგლებში, მობილური კლინიკები უკვე ეწვია რაჭასა და სვანეთს, სადაც 250 -ზე მეტ ქალბატონს ჩაუტარდა უფასო კონსულტაცია, ექოსკოპიური გამოკვლევები და მამოგრაფიული დიაგნოსტიკა. მეორე ტური დაგეგმილია ოქტომბრის თვეში, გურიასა და სამეგრელოში.

ძუძუს კიბო ერთ-ერთი ყველაზე ხშირი დაავადებაა ქალებში, ამავე დროს, ადრეულ სტადიაში აღმოჩენისას, 10-დან 8 შემთხვევაში – დამაკმაყოფილებელი შედეგის მიღება შესაძლებელია. მუდმივი თვითშემოწმება და სკრინინგი, საგრძნობლად ამცირებს კიბოს განვითარების რისკს. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტმა ქალბატონმა მიიღოს ინფორმაცია თვითშემოწმების მეთოდებისა და სკრინინგის შესახებ.

„მოხარული ვართ, რომ ჩვენი პროექტის ფარგლებში, სამედიცინო მომსახურება ხელმისაწვდომი გახდა იმ დასახლებებისთვის, სადაც შესაბამისი ინფრასტრუქტურა ნაკლებად არის განვითარებული. ჩვენი მომსახურებით, პირველ ტურში უკვე 250 -ზე მეტმა ქალბატონმა ისარგებლა და ეს რიცხვი საგრძნობლად გაიზრდება, როდესაც ჩვენი მობილური კლინიკა სხვა რეგიონებშიც გადაინაცვლებს და მიმდინარე წლის ბოლომდე სამეგრელოსა და გურიის მხარესაც დავფარავთ“ – აღნიშნა კომპანია ეივონ კოსმეტიქს საქართველოს მარკეტინგის მენეჯერმა, გიგა ვაშაკიძემ.

„ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ქალბატონთა ინფორმირების ზრდაა. ამ კამპანიაში ჩართვით, ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტ ქალბატონს მივაწოდოთ ინფორმაცია როგორც მობილური კლინიკის ვიზიტის შესახებ, ასევე ყველა იმ საშუალების შესახებ, რისი გამოყენებაც ქალბატონებს ძუძუს კიბოს განვითარების თავიდან ასაცილებლად შეუძლიათ. მოხარული ვართ, რომ ჩვენი მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს ამ კეთილ საქმეში“ – აღნიშნა ლიბერთი ბანკის სტრატეგიული გაყიდვებისა და მარკეტინგის სამსახურის უფროსმა, ნინო თავაძემ.

დამატებითი იფორმაციის მისაღებად და უფასო კონსულტაციაზე ჩასაწერად დარეკეთ – 032 2508 508

სოციალურ ქსელებში, ინფორმაცია აღნიშნულ კამპანიაზე შეგიძლიათ გააზიაროთ #-ით

#ვარდისფერიბაფთა #შეღებექვეყანავარდისფრად #ვარდისფერიოქტომბერი

®

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები