თბილისში ქორწილი ტრაგედიით დასრულდა – რა ვითარებაში გარდაიცვალა 7 წლის ბავშვი

თბილისში ქორწილი ტრაგედიით დასრულდა. უბედური შემთხვევა რიტუალების სასახლეში საქორწინო ცერემონიის მიმდინარეობისას მოხდა.
ქორწილში სტუმრად მყოფი 7 წლის ბავშვი ე.წ. სავენტილაციო-საჰაერო სივრცეში შეძვრა და იქ მიღებული ტრავმების შედეგად გარდაიცვალა. თვითმხილველების ინფორმაციით, ბიჭი სავენტილაციო-საჰაერო სივრცეში დაახლოებით საათზე მეტ ხანს იმყოფებოდა. მას შემდეგ, რაც მშობლებმა  მისი პოვნა შეძლეს, სასწრაფო-სამედიცინო დახმარება გამოიძახეს. ექიმებმა ბავშვი გ. ინგოროყვას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ორდღიანი მკურნალობის მიუხედავად, ბავშვი კლინიკაში დაიღუპა.
როგორც „კვირას“ სადღესასწაულო რიტუალების სასახლის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, თამარ გომართელმა განუცხადა, უბედური შემთხვევა საქორწინო ცერემონიის დაწყებიდან დაახლოებით 3 საათში მოხდა.
სავენტილაციო-საჰაერო სივრცეში ვერც ერთი პარამეტრის ადამიანი ვერ მოთავსდება, თუმცა ბავშვი იყო დიდი ხანი მშობლების მეთვალყურეობის გარეშე და როგორც ჩანს, მან მოახერხა იქ შეძრომა. მოზარდი საათზე მეტი ხანი იყო აღნიშნულ სივრცეში, რაც სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებების მისაღებად საკმარისი აღმოჩნდა. ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა და ძალიან ვწუხვართ ამ ყველაფრის გამო“, – განაცხადა გომართელმა.
ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმე სსკ-ის 124-ე მუხლით აღიძრა, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები