რა კავშირში არიან უცხოური კომპანიები მდინარე გუბისწყალში ძმების დაღუპვასთან

სამტრედიის რაიონის სოფელ დიდ ჯიხაიშში, მდინარე გუბისწყალში ორი ახალგაზრდა ძმის – ვანიკო და თემურ ვაშაკიძეების ტრაგიკულად დაღუპვის ფაქტმა მთელი საქართველო შეძრა.
ადგილობრივები ახალგაზრდების დაღუპვას, მდინარეზე ორი უცხოური კომპანიის საქმიანობას უკავშირებენ.
„კვირას“ ინფორმაციით, კომპანიები, რომლებიც გუბისწყალზე ე.წ. ხრეშის მოსაპოვებელ საქმიანობას ეწევიან, ჩინური სამშენებლო კომპანია „სანოჰიდრო“ და უკრაინული სამშენებლო კომპანია „ალტ კომია“. კომპანიები მოპოვებულ ხრეშს ავტობანის მაგისტრალზე მოსაყრელად იყენებენ.
დიდი ჯიხაიშის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ აღნიშნული კომპანიები მდინარეზე უსაფრთხოების ნორმებს არ იცავენ და მდინარეში შესვლისა და ბანაობის ამკრძალავი არანაირი ნიშანი დადგმული არ აქვთ. მათი მტკიცებით, მდინარეში შესული ერთ-ერთი ახალგაზრდა, სწორედ კომპანიის მიერ განხორციელებულ საქმიანობას შეეწირა, რადგან მათ მდინარიდან ქვა-ღორღის მოპოვებისას, ორმოები ამოუვსებელი დატოვეს.
„კვირამ“ ინფორმაციის გადასამოწმებლად ხსენებულ კომპანიებთან დაკავშირება სცადა, თუმცა – უშედეგოდ. აღმოჩნდა, რომ უკრაინულ კომპანიას, რომელიც სამშენებლო საქმიანობას საქართველოში ჯერ კიდევ 2014 წლიდან ეწევა, ფილიალის სახით საქართველოში წარმომადგენლობა არ ჰყავს. ჩინურ კომპანიაზე მითითებული ნომერი კი ამ დრომდე გამორთულია.
როგორც „კვირას“ სამტრედიის გამგებელმა ვალერიან ფოცხვერიამ განუცხადა, ადგილობრივ ხელისუფლებასთან საუბრისას, ორივე კომპანიის წარმომადგენლებმა აღნიშნული ფაქტი კატეგორიულად უარყვეს და განაცხადეს, რომ ისინი ქვა-ღორღის მომპოვებელ სამუშაოებს შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 200 მეტრში ახორციელებენ. გამგებლის თქმითვე, მან შემთხვევის ადგილი პირადად მოინახულა და აღნიშნა, რომ კომპანიები სამუშაოებს იმ ადგილზე, სადაც ახალგაზრდები დაიხრჩვნენ, არ აწარმოებენ.
ფოცხვერიას ინფორმაციით, ჩინური კომპანია თბილისის გარემოს დაცვის სააგენტომ ერთხელ უკვე დააჯარიმა, რადგან კომპანია სამუშაოებს სტანდარტის დარღვევით ახორციელებდა.
„დანამდვილებით არაფრის თქმა არ შეიძლება. ჩვენ გვქონდა საუბარი კომპანიების წარმომადგენლებთან, რომლებიც კატეგორიულად უარყოფენ იმ ადგილზე სამუშაოების განხორციელებას, სადაც ბიჭები დაიღუპნენ. ადგილზე მეც ვიყავი და, მართლაც, არ აწარმოებენ საქმიანობას იქ. სხვათა შორის, ძალიან ღრმაც არ ყოფილა, მაშველმა თქვა, თუმცა არის რამდენიმე კვადრატი, სადაც წყალი, მართლაც, ღრმაა. სანამ ეს კომპანიები გამოჩნდებოდნენ, უამრავი ახალგაზრდა შეეწირა გუბისწყალს. ხიდი არის ახლოს, სადაც ბანაობენ და ბევრი ტრაგიკული შემთხვევა მომხდარა.
კომპანიებმა დროებით სამუშაოები შეწყვიტეს, რათა ოჯახის გაღიზიანება არ გამოეწვიათ, თუმცა მათ ლიცენზია აქვთ და, ბუნებრივია, საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ, მთავარია უსაფრთხოების ზომები და სტანდარტები დაიცვან. გადაჭრით კი ვერაფერს ვიტყვით. გამოძიება მიმდინარეობს და დაადგენენ, გახდა თუ არა ბიჭების დაღუპვის მიზეზი კომპანიების დაუდევრობა“,- განაცხადა ვალერიან ფოცხვერიამ.
ჩინური კომპანია „სინოჰიდრო“ საქართველოში სამშენებლო სამუშაოებს 2010 წლიდან ახორციელებს, უკრაინული კომპანია „ალტ კომი“ კი – 2014-დან. კომპანიამ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში სწორედ აღნიშნულ პერიოდში გაიმარჯვა.
მდინარე გუბისწყალში ძმების გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები