აგვისტოს ომში დაღუპულ სპეცრაზმელებს უმაღლესი ხარისხის ჯილდო მიენიჭათ

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის გადაწყვეტილებით, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეცრაზმის წევრებს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს უმაღლესი ხარისხის ჯილდო მიენიჭათ.
კახა კახიშვილის ბრძანების საფუძველზე სამინისტროს უმაღლესი ხარისხის ჯილდო – პირველი ხარისხის მედალი „კანონისა და ღირსების სადარაჯოზე“ – პირველად, სწორედ, 2008 წლის 8 აგვისტოს დაღუპულ სპეცრაზმელებს გოჩა ილურიძეს, ილია შავერდაშვილს, გიორგი აბიათარსა და ბესიკ მამიაურს მიენიჭათ.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომლებმა დაღუპულ მოსამსახურეთა ოჯახის წევრებს მშობლიურ რაიონებში ჩააკითხეს და ჯილდო პირადად გადასცეს. ამასთან, დაღუპულ ჯარისკაცებს სამხედრო პატივი მიაგეს და მათი საფლავები გვირგვინით შეამკეს.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს შეიარაღებულ დაპირისპირებას სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმის გარე დაცვის ოთხი რიგითი ემსხვერპლა. დაღუპული ჯარისკაცები ყვარლის, ახმეტისა და დედოფლისწყაროს რაიონებში არიან დაკრძალულნი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები