ეკა ბესელია: საკონსტიტუციო სასამართლოში თურმე ხდებოდა სარჩელების შეცვლა და იგივე ნომრით რეგისტრირდებოდა სხვადასხვა მოცულობის სარჩელები

„თურმე ხდებოდა სარჩელების შეცვლა და სასარჩელო მოთხოვნა იცვლებოდა, ერთი და იგივე ნომრით რეგისტრირდებოდა სარჩელები სხვადსხვა მოცულობის, სხვადასხვა შინაარსის“, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ გადაცემა 2030-ში განაცხადა.
ეკა ბესელიამ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი კანონის უხეშ დარღვევაში დაადანაშაულა. მისივე თქმით, ახლა უკვე გამოიკვეთა სრულიად სხვა რამ – ხუთი მოსამართლე „რუსთავი 2“-ის, კაბელებისა და უგულავას საქმეებზე ძალიან სერიოზულ დარღვევებზე საუბრობს.
„თურმე ხდებოდა სარჩელების შეცვლა და სასარჩელო მოთხოვნა იცვლებოდა, ერთი და იგივე ნომრით რეგისტრირდებოდა სარჩელები სხვადსხვა მოცულობის, სხვადასხვა შინაარსის. ეს რას ნიშნავს, რომ კანონს არღვევდა ძალიან უხეშად კონკრეტული პირი. ეს კონკრეტული პირი სასამართლოს თავმჯდომარის გარეშე როგორ იმოქმედებდა, ჩემთვის წარმოუდგენელია, რადგან კანონით საქმეებს ანაწილებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე. ყველა ეს საქმე ხვდებოდა სწორედ პირველ კოლეგიაში, სადაც არის ის სამი მოსამართლე, რომელიც აკეთებს დღეს განცხადებებს დანარჩენი ხუთი მოსამართლის წინააღმდეგ. ეს ის სამი მოსამართლეა, რომელსაც სასამართლოს თავმჯდომარესთან ერთად გასდის უფლებამოსილების ვადა. პირველი კოლეგია, რომელიც მუდმივად ასეთი საქმეების მომხსენებლად გამოდის, ამ კოლეგიაში მყოფი მეოთხე მოსამართლე ტურავა, რატომღაც არც ერთხელ არ დაინიშნა მომხსენებელ მოსამართლედ და მის მიმართ ხდება მიზანმიმართული შეტევა, მათ შორის, გაიხსენეთ საავადმყოფოში მივარდნის ფაქტი, როდესაც აიძულებდნენ მას, ხელი მოეწერა იმ გადაწყვეტილებისთვის, რომელიც წაკითხული არ ჰქონდა. ამითაც კანონს უხეშად არღვევდა სასამართლოს თავმჯდომარე, რადგან კანონში პირდაპირ წერია, რომ გადაწყვეტილებას ხელი ეწერება სათათბირო ოთახში და არა საავადმყოფოში, არა ქუჩაში, არა გარეთ ან სადმე სხვა შენობაში“,-აღნიშნა ეკა ბესელიამ.

დეპუტატმა მოსამართლეების ზეწოლის ფაქტებზეც გაამახვილა ყურადღება, რის შესახებაც პროკურატურამ დასკვნა დადო. მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის განცხადებები დაემთხვა.

„პროკურატურის შუალედური დასკვნაში ნათლად არის ნათქვამი, არც ერთი ის მოსამართლე, რომელიც გამოიკითხა, არც ერთი არ ადასტურებს ზეწოლის ფაქტს. დავაკვირდით მოვლენებს – არ გაუქმდა საარჩევნო კოდექსის ის ნორმები, რომელიც აწესრიგებს მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებს. აი, ამ გადაწყვეტილების შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, როგორც ჩანს, დაკარგა კონტროლი იმ მოსამართლეებზე, რომელსაც თავის გავლენის ქვეშ მყოფებად მიიჩნევდა. ამის შემდეგ კეთდება მისი მხრიდან განცხადებები, რომელმაც დღეს უკვე არის სრულიად იდენტური „ნაციონალური მოძრაობის“ შეფასებების, განცხადებების, პოზიციების. ეს არის აბსოლუტურად ერთი და იგივე კონტექსტი და ერთი და იგივე შინაარსი“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
მისივე თქმით, ხუთმა მოსამართლემ, რომლებიც დღეს დიპლომატიურ კორპუსს ესაუბრებოდნენ გამოააშკარავეს სისტემური პრობლემა, რომელიც, როგორც ჩანს, არსებობდა დიდი ხნის განმავლობაში, მაგრამ თავი იჩინა სწორედ ახლა, როდესაც სასამართლოს თავმჯდომარის მხრიდან გაკეთდა, როგორც ჩანს მიზანმიმართული, პოლიტიკური, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მაამებელი და სასარგებლო განცხადებები. „ვიდრე არ გამოიკვეთება, რა და ვის მიერ იყო ჩადენილი ეს უკანონო ქმედებები, ვინ ცვლიდა სარჩელებს, ვინ ამატებდა მოთხოვნებს, ვინ ემეგობრებოდა და ვინ გულშემატკივრობდა კონკრეტულად ამ სარჩელების ავტორებს, თუ მხარეებს, კითხვები, ეჭვები, უნდობლობა გადაწყვეტილების მიმღები პირების მიმართ იქნება საზოგადოების მხრიდან და ამით მთლიანად ზარალდება საკონსტიტუციო სასამართლოს ავტორიტეტი და იმიჯი“, – აღნიშნა ეკა ბესელიამ გადაცემა 2030-ში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები