მანანა კობახიძე: ქორწინებასთან დაკავშირებით რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს
საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნის საფუძველზე, ცესკოს პრეზიდენტისადმი მიმართვას ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე, რომელიც რეფერენდუმის დანიშვნას ითვალისწინებს.
როგორც მანანა კობახიძე სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე წერს, „რესპუბლიკელების“ გარდა, ჯერ კიდევ საპარლამენტო უმრავლესობის სურვილი და ძალისხმევა იყო ის, რომ კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილება სწორედ პარლამენტს განეხორციელებინა.
„ბოლომდე მართალი რომ ვიყო, ვიტყვი, რომ ამ საქმეში „თავისუფალი დემოკრატებიც“ ჩვენთან იყვნენ. სამწუხაროდ, პარლამენტმა კვორუმის არარსებობის გამო, ეს ვერ მოახერხა, თუმცა სახალხო განხილვებზე ყველგან ჩვენ მოვისმინეთ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის დადებითი განწყობა რეფერენდუმისადმი, ამიტომ, როდესაც ეს მოთხოვნა უკვე 200 000 ხელმოწერითაა გამყარებული. არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, ვინ არის ინიციატორი თუ ავტორი, ეს არის საზოგადოების ლეგიტიმური მოთხოვნა და რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს! ამის საჭიროებაში კიდევ უფრო დამარწმუნა იმ ათეულობით მომართვამ, წერილმა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მივიღე, როგორც ვიცე-სპიკერმა, იმ მოთხოვნით, რომ უკან გავითხოვოთ კონსტიტუციური კანონპროექტი და არ დავუშვათ სექსუალურ უმცირესობათა ქორწინების უფლების შეზღუდვა ამ ცვლილებით. როგორც ჩანს, საქართველოს კონსტიტუცია უდავოდ საჭიროებს ქორწინების დეფინიციის უფრო დაკონკრეტებას და სიტყვასიტყვით მითითებას ქალისა და მამაკაცის კავშირზე, რათა აშკარაა რისკი სამომავლოდ ბევრად უფრო ფართო ინტერპრეტაციებისა და შინაარსის იმგვარად წაკითხვის, როგორც არასოდეს უფიქრიათ და უგულისხმიათ კონსტიტუციის ავტორებს, თუ მაშინდელ კანონმდებლებს“,- წერს მანანა კობახიძე.
საქმე ალექსანდრე ბრეგაძის, სოსო მანჯავიძისა და ზვიად ტომარაძის შემადგენლობით შექმნილი საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნას ეხება, რომლის მიხედვით, რეფერენდუმი შემდეგ კითხვაზე პასუხის გასაცემად უნდა ჩატარდეს: ”თანახმა ხართ თუ არა, რომ სამოქალაქო ქორწინება განისაზღვროს, როგორც ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის?“