შორენა ბუხრაშვილი: მერის მოადგილის კანდიდატურა ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს

თბილისის მერის მოადგილეების კანდიდატურები, რომლებიც დღეს თბილისის საკრებულომ უნდა განიხილოს, ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე, “ეროვნული ფორუმის” წევრმა შორენა ბუხრაშვილმა განაცხადა და აღნიშნა, რომ მერის მოადგილეობის კანდიდატი გიგა ნიკოლეიშვილი, რომელიც მერიის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა, უშიშროების თანამშრომელია.
„შემოთავაზებული გვაქვს კანდიდატურა მერის მოადგილედ, რომელიც ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს და დღეს აუცილებლად დავსვამ ამ შეკითხვებს საკრებულოს სხდომაზე. გიგა ნიკოლეიშვილი არის უშიშროების თანამშრომელი, რომელიც ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო. მაინტერესებს, რა მიდგომის გამო შეიძლება იყოს იგი თანამდებობაზე დაწინაურებული. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მას ძალიან ახლო ნათესაური კავშირები აქვს ყოფილ მერის მოადგილესთან“, – განაცხადა შორენა ბუხრაშვილმა და აღნიშნა, რომ მას შეკითხვები ექნება ასევე იურიდიული სამსახურის უფროსად წარდგენილ კანდიდატთანაც. მისივე თქმით, ერთი შეხედვით რჩება შთაბეჭდილება, რომ ადამიანები, რომლებიც მოდიან თანამდებობებზე, ვერ აცნობიერებენ პასუხისმგებლობას და დამოკიდებულებას იმ საქმიანობისადმი, რომლის მართვის ბერკეტი მათ ხელშია. „ზოგადად, მერიაში საკადრო ცვლილების ასეთი სიხშირე მიუთითებს იმაზე, რომ თავად მერიაში არასტაბილური ვითარებაა შექმნილი. მერის მოადგილეებს საკურატორო სფეროები აქვთ ჩაბარებული და ასეთი სწრაფი ცვლილებები იწვევს მიდგომების ცვლილებებს. არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ თანამდებობებზე ადამიანების ხშირი ცვლა ცოცხალი პროცესია, რადგან სტაბილური გარემო, ხელს უნდა უწყობდეს პროექტების განხორციელებას“, -განაცხადა შორენა ბუხრაშვილმა.
დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე დღეს მერიის ვაკანტურ პოსტებზე წარდგენილ კანდიდატებზე იმსჯელებენ. დავით ნარმანიას 2 მოადგილის თანამდებობაზე მერიის ადმინისტრაციის უფროსი გიგა ნიკოლეიშვილი და იურიდიული სამსახურის უფროსი ნატო ქიტიაშვილი არიან წარდგენილნი. ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის ირაკლი ხუცურაულის კანდიდატურა განიხილება, ხოლო ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე – ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილის გიორგი უკლებას კანდიდატურა დასახელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები