პრემიერი: ჯარი და სამხედრო უწყება მაქსიმალურად იყოს მოშორებული პოლიტიკურ დაპირისპირებებს
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჯარი და სამხედრო უწყება მაქსიმალურად იყოს მოშორებული პოლიტიკურ დაპირისპირებებს, – აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თავდაცვის სამინისტროში გააკეთა, სადაც თანამშრომლებს უწყების ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა.
„უნდა მოხდეს პრიორიტეტიზაცია იმ რესურსების არსებობის პირობებში, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, რომ მაქსიმალურად იქნას მიმართული ყველა რესურსი თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისთვის. ჩვენ გვაქვს სამოქმედო გეგმები, ევროატლანტიკურ სფეროში ინტეგრაციის მიმართულებით. უნდა აღინიშნოს ბოლო პერიოდში შეერთებულ შტატებთან გაფორმებული მემორანდუმის მნიშვნელობა, რომელიც ძალიან ბევრ შესაძლებლობას იძლევა. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, რომ ჯარი და სამხედრო უწყება, მაქსიმალურად იყოს მოშორებული პოლიტიკურ დაპირისპირებებს და ის უნდა იყოს მაქსიმალურად დეპოლიტიზებული უწყება. ჩვენ ამას შევძლებთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.