პრემიერი წითელაშვილზე: ყველაფერი არის იმ კამპანიის გაგრძელება, როცა რაღაცას დაგვაბრალებენ და მერე პასუხი უნდა გავცეთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ტრისტან წითელაშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საკითხი რაღაცის დაბრალების შემდეგ პასუხის გაცემის კამპანიას ჰგავს.
პრემიერის თქმით, საკითხით მაშინვე დაინტერესდა და გუშინ საღამოს მთავარ პროკურორს ესაუბრა.
„პროკურორი აცხადებს, რომ მას თავდაცვის უწყებიდან ამასთან დაკავშირებით არცერთი მიმართვა არ მიუღია. რაც შეეხება თავად საკითხს, რა თქმა უნდა, დავინტერესდი. ჩვენ ვალდებულნი ვართ, რომ პასუხი გავცეთ საზოგადოებას, თუმცა არა იმ ადამიანებს და განსაკუთრებით იმ პოლიტიკოსებს, რომლებმაც ჩვენი ქვეყანა არაერთი გაუაზრებელი ქმედებით ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ დააყენეს. რა თქმა უნდა, სამხედროებს არ ვგულისხმობ.
საზოგადოების შეკითხვებს პასუხებს გავცემთ, მაგრამ მე როგორც მეჩვენება, ყველაფერი არის იმ კამპანიის გაგრძელება, როცა რაღაცას დაგვაბრალებენ და მერე პასუხი უნდა გავცეთ. იმ პოლიტიკოსებისგან, რომლებმაც ჩვენი ქვეყანა ფაქტობრივად ყოფნა-არყოფნის ზღვარზე მიიყვანეს, ძალიან უსამართლოა ბრალდება, რომ თურმე ჩვენ ქვეყნის საწინააღმდეგო ქმედება განვახორციელეთ“, – აღნიშნა პრემიერმა.
შეგახსენებთ, „რუსთავი 2“-ის გადაცემა „პოსტ სკრიპტუმმა“ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე აშენებული საიდუმლო სამხედრო ობიექტების კოორდინატები და მთელი ინფორმაცია, მინდია ჯანელიძის მინისტრობის დროს, სხვა ქვეყნის სპეცსამსახურების ხელში აღმოჩნდა. პოლკოვნიკი ტრისტან წითელაშვილი საცეცხლე წერტილებზე მინდია ჯანელიძის მინისტრობის დროს დანიშნულმა, გენინსპექციის თანამშრომელმა გოდერძი ორმოცაძემ შეიყვანა, რომელმაც საიდუმლო ბაზაზე შესვლა სამსახურებრივი საშვით შეძლო. საიდუმლო ობიექტები კი წითელაშვილმა ფირზე გადაიღო. წითელაშვილი, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დააკავეს და სამშობლოს ღალატისთვის პატიმრობა მიუსაჯეს. 2013 წლის იანვარში, მან პოლიტპატიმრის სტატუსით ციხე დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები