თეა წულუკიანი: მიწის რეგისტრაცია ერთი წლის განმავლობაში უფასო იქნება
მიწის რეგისტრაციის რეფორმის პროექტი ჩვენი მოქალაქეებისთვის გრძელდება ერთი წლის განმავლობაში, რათა მოქალაქეებმა ამ სერვისით უფასოდ ისარგებლონ, – ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
თეა წულუკიანის განმარტებით, კანონით, მედიაცია, ცნობების მოპოვება თუ სხვა სანოტარო მომსახურება, მოქალაქისთვის სრულიად უფასო იქნება.
“მიწის რეგისტრაციის შესახებ კანონში ნათქვამია, რომ ეს პროექტი ჩვენი მოქალაქეებისათვის ერთი წლის განმავლობაში გრძელდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოქალაქეებმა უფასოდ ისარგებლონ ამ სერვისით. იქნება ეს მედიაცია, ცნობების მოპოვება, თუ სხვა სანოტარო მომსახურება. ასევე ნაბიჯ-ნაბიჯ და საბოლოოდ მოგვარდება უზუსტო ნახაზები, რაც გლეხს ძალიან ბევრ პრობლემას უქმნიდა, ერთი წლის განმავლობაში ყველამ უნდა ისარგებლოს და დაიკანონოს ის მიწა, რასაც აქამდე ბევრი ბარიერის გამო ვერ ახერხებდა”,- განაცხადა თეა წულუკიანმა.
მიწის რეგისტრაციის შესახებ კანონი 1-ლი აგვისტოდან სრულად ამოქმედდება. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა იუსტიციის მინისტრს მიმართა თხოვნით, შეიქმნას მექანიზმი, რომელიც კანონის ბოროტად გამოყენების ყოველგვარ რისკს გამორიცხავს. “ძალიან მიშვნელოვანია სწორი და გამჭვირვალე მექანიზმებით მოხდეს მიწის დარეგისტრირება”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.