მოსამართლე ლალი ფაფიაშვილი: ჩემზე ზეწოლა არ განხორციელებულა

რამდენიმე წუთის წინ მთავარ პროკურატურაში საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, ლალი ფაფიაშვილის გამოკითხვა დასრულდა. მოსამართლე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ გაკეთებული განცხადების ირგვლივ დაიკითხა, რომლის თანახმადაც, გიორგი პაპუაშვილმა ცალკეული მოსამართლეების მიმართ თვალთვალსა და დაშანტაჟებაზე რამდენიმე დღის წინ ისაუბრა.
როგორც ფაფიაშვილმა საგამოძიეობო უწყების დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა,  მასთან მიმართ ზეწოლა არ განხორციელებულა.
„ჩემთან მიმართებაში შემიძლია ვთქვა, რომ ამდენი წლის განმავლობაში ზეწოლის მცდელობასაც არ ჰქონია ადგილი. სხვების სახელით მე ვერ ვისაუბრებ, ბატონ გიორგის გაცილებით მეტი ინფორმაცია აქვს მისი სტატუსიდან გამომდინარე და ურთიერთობებიდან გამომდინარე, ვიდრე ჩვენ. იმ შემთხვევაში, თუ პირის მიმართ მართლა ხორციელდება ზეწოლა, თუ პირმა ამის შესახებ სასამართლოს თავმჯდომარესთან განცხადება გააკეთა, ლეგიტიმური ვალდებულებაა ნებისმიერი ჩვენგანის, გვაქვს ინფორმაცია თუ არა, გამოვცხადდეთ და თუ რაიმე ინფორმაცია გვაქვს, მივაწოდოთ გამოძიებას,“- განაცხადა ლალი ფაფიაშვილმა.
პროკურატურაში საკონსტიტუციო სასამართლოს ცალკეული მოსამართლეების გამოკითხვა გრძელდება. მოსამართლეები უწყებაში დილიდან, ცალ-ცალკე მიდიან. მათ გამოკითხვაზე გამოცხადების უწყება გუშინ გაეგზავნათ. გიორგი პაპუაშვილის ინფორმაციით, მიზანმიმართული ზეწოლა მიმდინარეობს, ძირითადად, იმ მოსამართლეებზე, რომლებიც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებს განიხილავენ. აღნიშნული განცხადებიდან გამომდინარე, მთავარ პროკურატურაში დაბარებულები არიან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები და თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი, თუმცა, როგორც ცნობილია, პაპუაშვილი საგამოძიებო უწყებაში მისვლას იქამდე არ გეგმავს, ვიდრე ის პრემიერ-მინისტრს არ შეხვდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები