როლანდ ახალაიას პარლამენტის წევრის უფლებამოსილება პარლამენტის გადაწყვეტილების საფუძველზე უნდა შეუწყდეს

იმის გამო, რომ როლანდ ახალაია პარლამენტის წევრია და მის მიმართ ძალაში შევიდა გამამტყუნებელი განაჩენი, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ეს ნიშნავს, რომ როლანდ ახალაიას პარლამენტის წევრის უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს.
აღნიშნული საკითხთან დაკავშირებული შეკითხვის საპასუხოდ, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის პროცედურები განმარტა.
მისი განმარტებით, დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის პროცედურა ასეთია: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 15 დღის განმავლობაში მოიძიებს გამამტყუნებელ განაჩენს.
ჩატარდება კომიტეტის სხდომა და შემუშავდება შესაბამისი დასკვნა, რომელსაც კომიტეტი წარუდგენს პარლამენტის ბიუროს.
ბიურო უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეიტანს საკითხს. პლენარული სხდომა როლანდ ახალაიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს განიხილავს და კენჭს უყრის.
„იმისთვის, რომ პარლამენტის წევრს შეუწყდეს უფლებამოსილება, საჭიროა, დადგენილების მიღება. ამ გადაწყვეტილებას მხარი უნდა დაუჭიროს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობამ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთ მესამედზე ნაკლები. რადგან ახლა არის არასასესიო პერიოდი, ამ საკითხის განხილვა არ გულისხმობს რიგგარეშე სესიის მოწვევის აუცილებლობას. რეგლამენტის მიხედვით, მაშინ, როდესაც ჩატარდება უახლოესი პლენარული სხდომა, მოხდება ამ საკითხის განხილვა”, – განმარტა გიორგი კახიანმა.
უზენაესმა სასამართლომ როლანდ ახალაიას ფულადი ჯარიმა დააკისრა და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმა 30 000 ლარი განუსაზღვრა. ასევე მას გარკვეული პერიოდის განმავლობაში თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.
„უზენაესმა სასამართლომ როლანდ ახალაია დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ორი დამოუკიდებელი ეპიზოდის ჩადენაში და ”ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის და სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმა 30 000 ლარის ოდენობით განუსაზღვრა. როლანდ ახალაიას 2 წლითა და 3 თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება“, – აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები