დემირელის სახელობის კოლეჯი და მისი პარტნიორი სკოლები საერთო განცხადებას ავრცელებენ

საქართველოში მოქმედი  სკოლები: რუსთავის „შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმი“, მარნეულის „დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა“, ქუთაისის „ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმი“, თბილისის „ნიკოლოზ წერეთლის სახელობის საერთაშორისო სკოლა“, თბილისი სკოლა-ლიცეუმი ,,სხივი” და ბათუმის რ. შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმი „მეგობრობა“  ბოლო პერიოდში მედიასაშუალებებით რამდენიმე პოლიტიკოსის მიერ გაკეთებულ განცხადებებს და მათ წინააღმდეგ გაჟღერებულ ბრალდებებს  განცხადებით პასუხობენ. „კვირა“  დემირელის სახელობის კოლეჯისა და მისი პარტნიორი  სკოლების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„ზემოთ ჩამოთვლილი სასწავლო დაწესებულებები ცალსახად ვემიჯნებით ნებისმიერ პოლიტიკურ,  კანონსაწინააღმდეგო და არასახელმწიფოებრივ საქმიანობას. ასევე ვგმობთ ნებისმიერ მცდელობას, გარე და შიდა პოლიტიკურმა ძალებმა გამოიყენონ ჩვენი სკოლები, როგორც პოლიტიკური იარაღი. ჩვენთვის მიუღებელია ჩვენი მოსწავლეებისა და პედაგოგობის სახელის ხსენება  ისეთ კონტექსტში როგორიცაა „ტერორიზმი“ და „ექსტრემიზმი“.
ჩვენს სკოლებში საგანმანათლებლო  პროცესი ღია და გამჭვირვალეა.  სწავლება მიმდინარეობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული სასწავლო პროგრამის მიხედვით და სკოლების ფუნქციონირება რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. სკოლების მთავარი მიზანი განათლებული, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, ჯანსაღი და თავისუფალი მოქალაქეების აღზრდაა. შორს ვართ ნებისმიერი არასახელმწიფოებრივი ქმედებისგან და  ერთგული შრომით ვემსახურებით ღირსეული მოქალაქეების აღზრდას. ორი ათეული წლის განმავლობაში ჩვენს საგანმანათლებლო სივრცეში გაიზარდნენ  საამაყო ქართველები, რომლებიც წარმატებით მოღვაწეობენ, როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოს სხვადასახვა ქვეყანაში: ზაზა ფაჩულია, ზვიად მეტრეველი (აშშ), გიორგი კოჭლამაზაშვილი (იაპონია), ირაკლი მარღანია (აშშ), დემეტრე გვარამია (აშშ), გ. კაპანაძე (გერმანია) და სხვა მრავალი.  ამ წლების განმავლობაში ჩვენმა კურსდამთავრებულებმა დიდი როლი შეასრულეს ქვეყნის აღმშენებლობაში და დემოკრატიული ფასეულობების დაცვაში. თითოეული მოსწავლე ჩვენი სიამაყეა! ჩვენ ვამაყობთ ჩვენი წვლილით ქვეყნის აღმშენებლობაში!
სკოლები: რუსთავის „შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმი“, მარნეულის „დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა“, ქუთაისის „ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმი“, თბილისის „ნიკოლოზ წერეთლის სახელობის საერთაშორისო სკოლა“, თბილისი სკოლა-ლიცეუმი ,,სხივი” და ბათუმის რ. შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმი „მეგობრობა“  კიდევ ერთხელ ვემიჯნებით ნებისმიერი ტიპის პოლიტიკურ აქტივობას და მოვითხოვთ დაცული იყოს ჩვენი მოსწავლეებისა და პედაგოგების უფლებები.  ვირუსული ბრალდებების ფონზე ვიყენებთ ჩვენს იურიდიულ უფლებას  შესაბამისი რეაგირება მოვახდინოთ გაჟღერებულ ცილისწამებაზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები