“ცოტნე ზურაბიანი პარლამენტში იქნება თქვენი ტკივილისა თუ სიხარულის აბსოლუტურად სწორი, ადეკვატური ანარეკლი”

ცოტნე ზურაბიანი გახლავთ ძალიან პერსპექტიული, ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა; იგი საქართველოს პარლამენტში იქნება თქვენი ტკივილისა თუ სიხარულის აბსოლუტურად სწორი, ადეკვატური ანარეკლი, -„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა წყალტუბოს მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ცოტნე ზურაბიანი ამ სიტყვებით წარუდგინა.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა რაიონულ ცენტრში შეკრებილ მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, ცოტნე ზურაბიანი რაიონში არსებული არცერთი პრობლემის მიმართ გულგრილი არ არის და უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში გულწრფელი ხმა იქნება. მთავრობის მეთაური ადგილობრივ მოსახლეობას საყოველთაო ჯანდაცვაზე, სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე, ეკონომიკურ რეფორმებსა და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე ესაუბრა. გიორგი კვირიკაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა განათლების სისტემის რეფორმირების აუცილებლობასა და პროფესიული განათლების დაფინანსების საჭიროებას. „დღეს ჩვენ შევიკრიბეთ, რომ კიდევ ერთხელ შევხედოთ ერთმანეთს თვალებში, ვუთხრათ ერთმანეთს სიმართლე და ვისაუბრეთ იმაზე- რა გავიარეთ და საით უნდა წავიდეთ. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი 4 წელი გავიარეთ. ამ 4 წლის წინ ბიძინა ივანიშვილმა გადადგა მოქალაქეობრივი გმირული ნაბიჯი და ქართველ ხალხთან ერთად მოახდინა გარდატეხა საქართველოს ცხოვრებაში- ის, რომ დღეს ჩვენ გაცილებით მეტი თავისუფლება გვაქვს, არცერთ ოპოზიციურ პარტიას არ აქვს პრობლემა ჩაატაროს წინასაარჩევნო კამპანია, ტელევიზიით აღარ გადმოსცემენ ერთიდაიგივეს და ყველა არხზე არ აქებენ მთავრობას. ის, რომ დღეს მთავრობას არ აქებენ, არ ნიშნავს იმას, რომ მთავრობა არ არის იმაზე უკეთესი ვიდრე იყო. ეს არის თავისუფლება და ეს არის ჟანგბადი“,-აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
წყალტუბოს მოსახლეობას სიტყვით ასევე მიმართა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ. პარტიის გენერალური მდივნის თქმით, „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი ძალა საქართველოში, რომელსაც რეალურად შეუძლია კეთილდღეობის მიტანა თითოეული მოქალაქისთვის. „მართლაც მიხარია, რომ ამდენი ადამიანი შევიკრიბეთ. ძალიან კარგი განწყობაა, კარგია მუხტი. ასევე, მინდა მადლობა გადაგიხადოთ. რამდენიმე დღის წინ ქუთაისში გვქონდა ჩვენ მნიშვნელოვანი შეხვედრა, სადაც დაახლოებით 40 ათასი ადამიანი იყო შეკრებილი იმერეთიდან. ყველას დავანახეთ, რომ „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი ძალა საქართველოში, რომელსაც რეალურად შეუძლია კეთილდღეობის მიტანა თითოეული მოქალაქისთვის. „ქართული ოცნება“ არის ძალა, რომელმაც რეალურად განახორციელა რეფორმები ამ ოთხი წლის განმავლობაში ქვეყანაში. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი იქნა განხორციელებული, ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტები იქნა განხორციელებული, ასევე ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის მიმართულებით ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა განვახორციელეთ, დამეთანხმებით, რომ მაინც არის გარკვეული პრობლემები ქვეყანაში. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთობით, ჩვენი ერთად დგომით, ერთსულოვნებით შევძლებთ ამ პრობლემების მოგვარებას მომავალი წლების განმავლობაში. სამწუხაროდ, არცერთ ჩვენთაგანს არ გააჩნია ჯადოსნური ჯოხი, რომ ყველა პრობლემის მოგვარება შესაძლებელი ყოფილიყო ამ ოთხი წლის განმავლობაში, თუმცა მომავალში რეალურად გვაქვს იმის ძალა, შესაძლებლობები, რომ სირთულის ბარიერები იქნეს თავაწეულად გადალახული. მე მჯერა, რომ ჩვენ ამას აუცილებლად შევძლებთ. აუცილებლად მოვახერხებთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები