პრემიერი: სოფლის მეურნეობას დღეს რომ ყურადღება ეთმობა, ასეთი საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა

სოფლის მეურნეობას დღეს რომ ყურადღება ეთმობა, ასეთი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა. ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თერჯოლაში განაცხადა, სადაც მოსახლეობას ტყიბულისა და თერჯოლის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ელგუჯა გოცირიძე წარუდგინა.
გიორგი კვირიკაშვილმა ადგილობრივ მოსახლეობას სიტყვით მიმართა და „ქართული ოცნების“ გუნდის მიერ ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებულ მნიშვნელოვან პროგრამებზე მიაწოდა ინფორმაცია.
“აღარ არის პრობლემა, რომ შვილი პოლიკლინიკაში წაიყვანო. აღარ არის პრობლემა, რომ მოხუცს უმკურნალო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარია. მინდა, ყველა ჩვენგანმა გულში ჩავიხედოთ და შევხედოთ გაგებით იმას, რომ ხელისუფლებას არ შეუძლია ერთ დღეში შეცვალოს მთლიანად რეალობა. ჩვენ მივდივართ ნაბიჯ-ნაბიჯ იქითკენ, რომ ყველა ჩვენმა თანამოქალაქემ იგრძნოს განსხვავება და იგრძნოს კეთილდღეობა საკუთარ თავზე. ამისათვის ჩვენ დღემდე გარკვეული გზა გამოვიარეთ. ოთხი წლის წინ ბიძინა ივანიშვილმა გადადგა სახელმწიფოებრივი ნაბიჯი და ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად მნიშვნელოვანი გარდატეხა მოახდინა ჩვენს ცხოვრებაში. დღემდე ჩვენ გავაკეთეთ მნიშვნელოვანი ცვლილებები ჯანდაცვის კუთხით, სოფლის მეურნეობის კუთხით. დამეთანხმებით, სოფლის მეურნეობას დღეს რომ ყურადღება ეთმობა, ასეთი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა. უამრავი პროგრამა არსებობს. მცირემიწიანი ფერმერებისთვის, უფრო მსხვილი ფერმერებისთვის. ხეხილის დარგვის, „დანერგე მომავალი“, სხვადასხა შეღავათიანი კრედიტები.
„აწარმოე საქართველოში“, რომელიც დამწყებ კომპანიებს აძლევს ძალიან სერიოზულ საშუალებას და რესურს იმისათვის, რომ საქმიანმა ადამიანმა ახალი საქმე წამოიწყოს, მაგრამ ჩვენ არ ვართ, რა თქმა უნდა, თვითკმაყოფილებაში და ჩვენ აშკარად ვხედავთ, რამდენი რამ არის გასაკეთებელი. დღეს ჩვენ გვჭირდება სწრაფი განვითარებისათვის ნაბიჯები. ამისთვის, ჩვენს მთავრობას გააჩნია მკაფიო ხედვა და გეგმა, ნაბიჯ-ნაბიჯ, ყოველდღიურად რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ ოთხი წლის თავზე შეუქცევადი განვითარების სიჩქარე აკრიფოს იმისათვის, რათა დავქოქოთ ჩვენი ქვეყანა, მართლა ავაგუგუნოთ და იყოს ჩვენს ქვეყანაში ის დინამიკა, რომელსაც ყველა ჩვენგანი, ყველა ოჯახი იგრძნობს საკუთარ თავზე უკვე გაზრდილი კეთილდღეობის სახით. ამისთვის, კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ გაგვაჩნია ადამიანური რესურსი, ხედვა, გამოცდილება, განათლება, ყველაფერი იმისათვის, რომ ეს ცვლილება მოვიტანოთ ქვეყანაში“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები