გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ, ყველამ ერთად, ქვეყანა უნდა გავაფერადოთ, უნდა მორჩეს შავ-თეთრი ფერები

 ჩვენ, ყველამ ერთად, ქვეყანა უნდა გავაფერადოთ, უნდა მორჩეს შავ-თეთრი ფერები. ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თერჯოლაში განაცხადა, სადაც მოსახლეობას ტყიბულისა და თერჯოლის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ელგუჯა გოცირიძე წარუდგინა.
გიორგი კვირიკაშვილმა ადგილობრივ მოსახლეობას სიტყვით მიმართა და „ქართული ოცნების“ გუნდის მიერ ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებულ მნიშვნელოვან პროგრამებზე მიაწოდა ინფორმაცია. მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა ეკონომიკურ რეფორმებსა და ინფრასქტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე.
„ჩვენ – ყველამ ერთად ქვეყანა უნდა გავაფერადოთ. უნდა მორჩეს შავ-თეთრი ფერები. უნდა მომავლის იმედი მივცეთ ჩვენს ბავშვებს. აი, ამ ბავშვებს, რომლებიც აქ დგანან. ამისთვის ჩვენ გვაქვს სრული თავდაჯერება. ჩვენ ვგრძნობთ საკუთარ თავში ძალას, რესურსს, რომ ჩვენ გავხდეთ მიზიდულობის ცენტრი, რომელიც ყველა ადამიანს, ვისაც ქვეყანაში განვითარება სურს, უკეთესი ხვალინდელი დღე სურს, გააერთიანებს ჩვენთან ერთად და არ გაყოფს საზოგადოებას. არ დაჭამს ერთმანეთს, როგორც დღეს ეს ხდება ყოველდღიურად. ჩვენ ქართველი ერი, პატარა ერი ვართ. ჩვენ არ გვაქვს იმის რესურსი, რომ გავიყოთ ორ, სამ, ოთხ, ათ ჯგუფად. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ ჩვენი სამშობლოსთვის და ჩვენი უკეთესი ხვალინდელი დღისათვის . ეს არის ჩვენი პარტიის, „ქართული ოცნების“ მთავარი მიზანი. სწორედ ამისთვის ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური ადამიანები ჩვენს პარლამენტში, სწორედ ამისთვის დღეს ჩვენ გვინდა წარმოგიდგინოთ მაჟორიტარის კანდიდატი თერჯოლისა და ტყიბულის – ეს არის ბატონი ელგუჯა გოცირიძე“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები