გიორგი კვირიკაშვილი: აბსოლუტურად ვეთანხმები კობა გვენეტაძეს, დედოლარიზაცია ჩვენთვის უალტერნატივო გზაა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ კობა გვენეტაძის განცხადებას აბსოლუტურად ეთანხმება.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, დედოლარიზაცია ჩვენთვის უალტერნატივო გზაა.
”მე აბსოლუტურად ვეთანხმები კობა გვენეტაძის განცხადებას, დედოლარიზაცია ჩვენთვის არის უალტერნატივო გზა – ეროვნული ვალუტისადმი ნდობის გაზრდა. ამისთვის კომპლექსური ნაბიჯებია გადასადგმელი, ამისთვის კეთდება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული ობლიგაციების გამოშვება. გარდა ამისა, გრძელვადიანი ეკონომიკური პროგრამები, რომლებიც ჩვენ გაქვს დაგეგმილი, მიმართულია იქითკენ, რომ ქვეყნის საგადასახდელო ბალანსი გაუმჯობესდეს და არ იყოს დამოკიდებული მხოლოდ და მხოლოდ ფულად გადარიცხვებსა და ისეთ მუხლებზე, რომლებიც შესაძლოა, ეკონომიკური კრიზისის დროს რყევადი იყოს, ამიტომ ამ გრძელვადიანი კომპლექსური ზომების გატარების გზით ჩვენ, რა თქმა უნდა, მივაღწევთ იმას, რომ ეროვნული ვალუტის მიმართ გრძელვადიანი ნდობა უფრო გამყარდება”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, ეროვნული ვალუტის გრძელვადიანი
რესურსის დაგროვებას საპენსიო რეფორმა შეუწყობს ხელს. ”ამას კიდევ ხელს შეუწყობს საპენსიო რეფორმა, რომელიც 2017 წელსაა დაგეგმილი, რაც ეროვნული ვალუტის გრძელვადიანი რესურსის დაგროვებას უწყობს ხელს. ასე რომ, აბსოლუტურად ვეთანხმები არა მარტო განცხადებას და სულისკვეთებას, არამედ კონკრეტულ ნაბიჯებსაც, რომელსაც ეკონომიკის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტროსთან და ეროვნულ ბანკთან ერთად, კოორდინაციაში ახორციელებს”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
„მოსახლეობა უნდა შეეჩვიოს დოლარის გარეშე ცხოვრებას და მისთვის პრიორიტეტი ქართული ვალუტა უნდა იყოს“, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ გაზეთ ”რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყანაში, სადაც დაბალია ინფლაცია, კურსის ორმხრივი მერყეობა, ფინანსური განვითარების ტემპი, წესით დოლარიზაციის მაჩვენებელი ასეთი დიდი არ უნდა ყოფილიყო. გვენეტაძის განცხადებით, საქართველო ნათელი მაგალითია იმისა, თუ რამდენად რთულია ამ სენის მოშორება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები