ბექა წივწივაძე, რომელსაც ნარკოტიკული საშუალება აღმოუჩინეს, 10-ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრი ბექა წივწივაძე, რომელსაც ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა, შემოტანა ბრალდება, 10 ათასი ლარის გადახდის შედეგად გაათავისუფლეს.
როგორც „კვირას“ თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადეს, ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების საკითხი 19 ივლისს გაიმართა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მას 10 ათასი ლარის გირაოს გადახდა საპატიმრო უზრუნველყოფით შეეფარდა.
არსებული ინფორმაციით, ბექა წივწივაძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე დღის წინ დააკავეს. იგი საქართველოში ჩინეთიდან ჩამოვიდა, რა დროსაც ნარკოტიკული საშუალება, ე.წ. ჰაშიში აღმოაჩნდა.
როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, აეროპორტში ერთი პირი დააკავეს, თუმცა მის ვინაობას არ აკონკრეტებენ.
”აღნიშნული პიროვნება დაკავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით. თუმცა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით მას გირაო შეუფარდა. ამ დროისთვის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს”, – აცხადებენ შსს-ში.
ბექა წივწივაძე ჩინეთში საქართველოს B ნაკრებთან ერთად იმყოფებოდა. ნაკრები საქართველოში დაახლოებით ერთი კვირის წინ დაბრუნდა. არსებული ინფორმაციით, კალათბურთელი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს სლოვენიაში უნდა გაჰყოლოდა, თუმცა, ის ნაკრებთან ერთად შეკრებაზე არ იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები