თამარ ჟვანია: ლევან ვარშალომიძის შესახებ გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს

ლევან ვარშალომიძის მიერ მოქალაქეებთან დადებული ხელშეკრულებებსა და შესაძლო მოსყიდვის ფაქტებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს, – ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განაცხადა და აღნიშნა, რომ ცესკოსთვის ოფიციალურად არასამთავრობო ორგანიზაციებს ჯერ არ მიუმართავთ.
“ჯერჯერობით ხელშეკრულება არ მინახავს, ოფიციალურად არ მოუმართავთ ცესკოსთვის არასამთავრობო ორგანიზაციებს, მხოლოდ მედიამომართვა იყო. ჩვენ ეს ინფორმაცია გამოგვიგზავნა უწყებათშორისმა კომისიამ, საარჩევნო კომისიის საქმე არ არის მოსყიდვის თემა. ასეთ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო. ჩვენ მაინც განვიხილავთ ამ საკითხს და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას. თუმცა, მოსყიდვის საქმეზე უნდა იმსჯელოს და გადაწყვეტილება მიიღოს სასამართლომ. ეს არის საარჩევნო კოდექსის 47-ე მუხლი”, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.
საქმე ეხება იმ ფაქტს, რომ უკვე მეოთხე დღეა, “ნაციონალური მოძრაობა” აჭარაში მცხოვრებ პირებთან, რომლებსაც საცხოვრებელი სახლები არ აქვთ, ინდივიდუალურ ხელშეკრულებებს აფორმებს, რომლის მიხედვით “ნაციონალური მოძრაობის” მთავრობაში მოსვლის შემდეგ, მათ უსასყიდლოდ გადაეცემათ ბინები სოციალურ სახლებში, რომელსაც სახელმწიფო ააშენებს. ამ საკითხზე ორმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, “საერთაშორისო გამჭვირვალობამ” და საიამ განცხადებები გაავრცელეს და ეჭვი გამოთქვეს, შესაძლო ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტზე. არასამთავრობოებმა საქმის განხილვისთვის ცესკოს და ბათუმის 79-ე ოლქს მიმართეს. აუდიტის სამსახურმა ლევან ვარშალომიძე დაკითხვაზე ორშაბათს დაიბარა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები