სალომე ჩარკვიანის ახლობლები გუშინდელ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ

“ცენტრ პოინტ აჭარას” დირექტორის სალომე ჩარკვიანის ახლობლები მოსამართლის გუშინდელ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
როგორც სალომე ჩარკვიანის მეგობრები მიმართვაში წერენ, ყველასათვის უდიდესი მოულოდნელობა იყო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სალომე ჩარკვიანს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.
“იმედი გვქონდა, რომ მოსამართლე მხედველობაში მიიღებდა იმ უამრავ ფაქტორს, რომელთა გათვალისწინებითაც სალომე ისე გააგრძელებდა გამოძიებასთან თანამშრომლობას, რომ არ მოწყდებოდა შვილებსა და ოჯახს. აქვე, კიდევ ერთხელ გვინდა აღვნიშნოთ, რომ სალომეს პროკურატურა ედავება “ცენტრ პოინტ აჭარის”, შპს “მაგნოლიის” საქმეზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხების გაფლანგვას, რასაც ასაბუთებს იმითი, რომ გარკვეულ დოკუმენტაციაზე სალომეს ფაქსიმილია ფიქსირდება.
აბსურდია 2004-2005 წლებში (როდესაც სალომე 22 წლის იყო და აღნიშნული მშენებლობა ჯერ დაწყებულიც კი არ იყო) სალომეს წვდომა ჰქონოდა კომპანიის ფულად სახსრებთან, რასაც კომპანიის დამფუძნებლებიც ადასტურებენ. ამ ეტაპზე ვაპირებთ, მოსამართლის გუშინდელი გადაწყვეტილება გავასაჩივროთ სააპელაციო სასამართლოში. გვინდა გამოვთქვათ იმედი, რომ სასამართლო მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას და სასამართლოდანვე გაათავისუფლებს მას.
პატივისცემით, სალომე ჩარკვიანის მეგობრები”, – ნათქვამია მიმართვაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები