საპარლამენტო არჩევნებისათვის შექმნილმა უწყებათაშორისმა კომისიამ პირველი სხდომა გამართა

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის შექმნილმა უწყებათაშორისმა კომისიამ დღეს პირველი სხდომა გამართა. სხდომას იუსტიციის მინისტრი − უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე − თეა წულუკიანი უძღვებოდა.
როგორც “კვირას” იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე წინასაარჩევნო პერიოდის შესახებ პარტიების მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია განიხილეს.
„სხვადასხვა უწყება ვისმენთ პარტიების მხრიდან წამოყენებულ ინფორმაციას, რომელსაც აქვს ერთი მიზანი − პარტიებს შორის კონკურენცია იყოს თავისუფალი, გარემო იყოს მშვიდი და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ადმინისტრაციული რესურსი არ იყოს გამოყენებული ხელისუფლების მიერ, რათა სხვა პარტიებს არ შეექმნათ კონკურენციის პრობლემა“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.
მინისტრის თქმით, უწყებები პოლიტიკურ პარტიებთან 24-საათიან რეჟიმში ხაზზე არიან ცხელი ხაზის თუ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, რათა მათ ინფორმაციის მოწოდება მარტივად შეძლონ. თეა წულუკიანის განცხადებით, კომისია ორ კვირაში − ერთხელ, ხოლო სექტემბრის დასაწყისიდან იგივე კომისია კვირაში ერთხელ შეიკრიბება.
 
„ხაზგასმით მინდა, განვმარტო, რომ უწყებათაშორისი კომისიის უფლებამოსილება, რომელსაც იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს, არ გახლავთ საარჩევნო კოდექსის ან რომელიმე კანონის ხარვეზების გამოსწორება, ასევე, არჩევნების გამოცხადების დროის, თარიღის ან სხვა საკითხების განხილვა; ჩვენ გვაქვს ძალიან ვიწრო, მაგრამ მნიშვნელოვანი უფლებამოსილება − ეს არის პარტიებისთვის კონკურენტუნარიანი, მშვიდი გარემოს შექმნა, რათა ძალოვანი სტრუქტურები იცავდნენ საარჩევნო გარემოს, ხელს უწყობდნენ პარტიებს, რომ მშვიდ გარემოში გაუწიონ ერთმანეთს კონკურენცია, ხალხს მისცენ არჩევანის თავისუფლება და საშუალება და არ იქნეს ადმინისტრაციული რესურსი გამოყენებული. ამიტომ ვერანაირ საჩივარს ან განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ საარჩევნო კოდექსში ხარვეზებია − ჩვენ, რა თქმა უნდა, მოვისმენთ, მაგრამ ვერ განვიხილავთ, რადგან ეს სცილდება კომისიის უფლებამოსილებას“, − აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.
უწყებათაშორისი კომისია სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისთვის იუსტიციის მინისტრის 29 ივნისის ბრძანებით შეიქმნა. მისი მიზანი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს საჯარო მოსამსახურეების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია, გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირება და ამ გზით თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფაა.
 
შეხვედრას ესწრებოდნენ კომისიის წევრები (საქართველოს შინაგან საქმეთა; საგარეო საქმეთა; ფინანსთა; თავდაცვის; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის; განათლებისა და მეცნიერების; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრების მოადგილეები; აგრეთვე, მთავარი პროკურორისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეები; საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი), კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების, სხვა პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების, ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
 
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია საქმიანობას ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნების დღიდან შეწყვეტს.
 
უწყებათაშორისი კომისია 2013 წლის საპრეზიდენტო და 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების პერიოდშიც ფუნქციონირებდა. კომისია შეიქმნა 2015 წლის შუალედური არჩევნებისთვისაც. საერთო ჯამში, სამართლიანი და თავისუფალი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად კომისიამ 41 რეკომენდაცია შეიმუშავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები