სანდრო ბრეგაძე: „რესპუბლიკური პარტია“ საპარლამენტო არჩევნებში განწირულია

მოძრაობა „ეროვნულების“ ლიდერის, სანდრო ბრეგაძის ინფორმაციით, 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ბარიერის გადალახვის შანსი არა აქვთ და ამის შესახებ, თავად ამ პარტიაშიც კარგად იციან.
როგორც სანდრო ბრეგაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, „რესპუბლიკური პარტიის“ რეიტინგი 1%-ზე დაბალია და მათი საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა ფორმალურია.
„თვითონ „რესპუბლიკური პარტიიდან“ გამოსულ კულუარულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ ამ პარტიის რეიტინგი არ აჭარბებს 0,5%-ს. მშვენივრად იციან, რომ ამ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა უაზრობა და ფორმალობაა. განიხილებოდა მოსაზრება, რომ საერთოდ არ მიეღოთ არჩევნებში მონაწილეობა, თუმცა გადაწყვიტეს, მაინც მიიღონ მონაწილეობა, იმის მიუხედავად, რომ განწირულები არიან. ამავე დროს, თინათინ ხიდაშელი არჩევნების შემდეგ ხელისუფლებისგან კვლავ ელოდება შეთავაზებას საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე და რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, დავით უსუფაშვილი აპირებს სასამართლო ხელისუფლებაში გადანაცვლებას და ერთ-ერთი, რა შეთავაზებაც მას ექნება, ეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობა იქნება,“ -განაცხადა სანდრო ბრეგაძემ. მისი თქმით, „ქართული ოცნებისთვის“ „რესპუბლიკური პარტია“ არჩევნების პერიოდში იქნებოდა უდიდესი ტვირთი, რომელიც მას საკმაოდ ბევრ ხმას დააკარგვინებდა და ამიტომაც ხდება ასეთი ტიპის კომბინაცია, მაგრამ საბოლოოდ ჩვენ ხელისუფლებაში ისევ „რესპუბლიკელებს“ ვიღებთ. „ჩემი და ჩემი მეგობრების თხოვნაა, ხელისუფლების და სახელისუფლებო პარტიის მიმართ, რომ მათ ოფიციალურად არჩევნებამდე მკაფიოდ განაცხადონ ერთი რამ: თუკი ისინი დარჩებიან ხელისუფლებაში, მაშინ მომავალ მინისტრთა კაბინეტში არ იქნება არცერთი „რესპუბლიკელი“ მინისტრი, ან უმაღლესი თანამდებობის პირი. წინააღმდეგ შემთხვევაში, იმ ფარისევლობით, რასაც ახლა აქვს ადგილი, ვფიქრობ, ისინი მოატყუებენ ხელისუფლებას და მოსახლეობას. არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ, რომ რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ სიცრუეში აცხოვროს საქართველოს მოსახლეობა“, -განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები