ეთიოპიის რესპუბლიკის მოქალაქე საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დააკავეს
შსს-ს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს და სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მეორე სამმართველოს (ახალციხე) მეორე სასაზღვრო სექტორის (ვალე) დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ღონისძიების შედეგად, 1987 წელს დაბადებული, ეთიოპიის რესპუბლიკის მოქალაქე ეშეტუ-დინსა ჩ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დააკავეს.
როგორც „კვირას“ შსს-ს სასაზღვრო პოლიციის პრესსამსახურიდან აცნობეს, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით ცდილობდა.
გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით). გამოძიებას სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო აწარმოებს.