ოთარ დანელია მეორე დღეა სამეგრელოს რეგიონში სტიქიის შედეგებს ეცნობა

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია მეორე დღეა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში იმყოფება და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სტიქიის შედეგად სოფლის მეურნეობის მიმართულებით მიყენებულ ზარალს ადგილზე ეცნობა. სოფლის მეურნეობის სამინიოსტროს ინფორმაციით, ადგილზე მუშაობს ზარალის დამთვლელი კომისიაც. უხვმა ნალექმა განსაკუთრებით მარტვილის, სენაკისა და აბაშის მუნიციპალიტეტების სოფლები დააზარალა.
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციის“ ტექნიკა. აქტიურად მიმდინარეობს სადრენაჟე არხების გაწმენდითი სამუშაოები, რათა დატბორილი ფართობებიდან ჭარბი წყლის მოშორება დროულად მოხდეს.
სენაკის მუნიციპალიტეტში სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ოთარ დანელიასთან ერთად შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი ლევან დვალი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
,,რეგიონში მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა და სავარაუდოდ ზარალიც დიდი იქნება. მხოლოდ სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში დაახლოებით 2 ათას ჰა-მდე სასოფლო-სამეურნეო სავარგული მთლიანად წყლით იყო დაფარული. ამ ეტაპზე წყლის დონემ დაიწია და 600 ჰა-მდე დატბორილი ფართობია დარჩენილი. სამელიორაციო ტექნიკა აქტიურად მუშაობს, რათა დროულად მოხდეს ფართობების დრენირება და ზარალის დამთვლელმა კომისიამ შეძლოს ზარალის შეფასება. მას შემდეგ, რაც კომისია დაასრულებს მუშაობას და დასკვნას მოგვაწვდის, გადაწყდება თუ რა ფორმით მოხდება დაზარალებულების დახმარება“, – აღნიშნა ოთარ დანელიამ.
დასავლეთ საქართველოში – აჭარის, გურიის, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში რამდენიმედღიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად ადიდდა მდინარეები, დაიტბორა სოფლებს შორის დამაკავშირებელი გზები, საკარმიდამო ფართობები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის დავალებით, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების კოორდინირებულად განხორციელების მიზნით მთავრობის წარმომადგენლები სტიქიის ყველა ზონაში იმყოფებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები