ნატო რუსეთს სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან ჯარის გაყვანისკენ მოუწოდებს

ნატო რუსეთს მოუწოდებს, შეწყვიტოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ დაბრკოლებების შენება.
ამის შესახებ ნათქვამია ნატოს ვარშავის სამიტის კომუნიკეში, რომელიც ალიანსის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსი რუსეთს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმებისა და საქართველოდან ჯარის გაყვანისკენ მოუწოდებს.
“ვადასტურებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მივესალმებით საქართველოს გადაწყვეტილებას, არ გამოიყენოს ძალა, მოვუწოდებთ რუსეთს ანალოგიური პასუხისკენ. მოვუწოდებთ რუსეთს, გააუქმოს საქართველოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება, შეწყვიტოს ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრვივ საზღვრის მსგავსი დაბრკოლებების შენება და გაიყვანოს შეიარაღებული ძალები საქართველოდან. ნატო არ აღიარებს 2014 წლის ნოემბერში საქართველოს აფხაზეთის რეგიონსა და რუსეთს შორის, ასევე 2015 წლის მარტში საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონსა და რუსეთს შორის გაფორმებულ ე.წ. შეთანხმებებს. ისინი არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, აშკარად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის, ეუთო-ს პრინციპებსა და რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებებს”, – ნათქვამია ვარშავის სამიტის კომუნიკეში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები