ნატოს სამიტის ფარგლებში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა პირველად გაიმართება

ნატოს 2016 წლის ვარშავის სამიტზე საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ეს არის პირველი პრეცედენტი, როდესაც კომისიის სხდომა ნატოს სამიტის ფარგლებში ტარდება. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის შეფასებით, ის, რომ ნატოს ვარშავის სამიტზე საქართველო წარმოდგენილია მნიშვნელოვან ფორმატებში ხაზს უსვამს ალიანსის მხრიდან საქართველოს ძლიერ პოლიტიკურ მხარდაჭერას. “ძალიან მნიშვნელოვანი სამიტია, სადაც საქართველო წარმოდგენილია ძალიან მნიშვნელოვან ფორმატებში, მათ შორის პირველად სამიტის ფარგლებში იმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობს ავღანეთის მისიაში მონაწილე ქვეყნების მეთაურთა შეხვედრაში, ეს ყველაფერი არის ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატულება”,- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
მისი ინფორმაციით, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე განხილული იქნება ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რაც უკავშირდება საქართველოს ალიანსში ინტეგრაციის პროცესს. ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე მიღებული იქნება ერთობლივი განცხადება.
“ვიმსჯელებთ იმ პროგრესზე, რომელიც საქართველოს აქვს ნატო-ი ინტეგრაციის გზაზე, არსებითი პაკეტის იმპლემენტაციაზე, იმ რეფორმებზე, რომელიც უკავშირდება, როგორც ქვეყნის დემოკრატიულ და ინსტიტუციურ განვითარებას, ასევე თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას. ვისაუბრებთ საქართველოს წარმატებულ მონაწილეობაზე საერთაშორისო მისიებში. ასევე ვისაუბრებთ იმ ახალ ნაბიჯებზე, რომელიც გააძლიერებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას და კიდევ უფრო დაგვაახლოებს ნატო-სთან”,- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. ნატოს 2016 წლის ვარშავის სამიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან და მონაწილეობას მიიღებს სამიტის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები