პრეზიდენტი მზადაა, სასამართლო სისტემის ტრანსფორმაციასთან დაკავშირებით ყველა საპარლამენტო ფრაქციას შეხვდეს

საქართველოს პრეზიდენტი მზადაა, სასამართლო სისტემის ტრანსფორმაციასთან დაკავშირებით, კონსულტაციები დაიწყოს ყველა საპარლამენტო ფრაქციასთან, რომელსაც სასამართლო ხელისუფლების მომავალი აღელვებს, – ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტი ასევე მზადაა, კონსულტაციები გამართოს პარლამენტის რიგგარეშე სესიის თარიღთან დაკავშირებით. პრეზიდენტის დავალებით, კი, ანა დოლიძე მზადაა, დაინტერესებულ ფრაქციებთან კონსულტაციები ხვალიდანვე აწარმოოს. ამასთანავე, როგორ ანა დოლიძემ ჟურნალისტებს განუმარტა, პრეზიდენტს არაერთხელ განუცხადებია, რომ საქართველოს სასამართლო ხელისუფლებას სჭირდება ტრანსფორმაცია, ანუ ძირეული, მყისიერი და ფართომასშტაბიანი რეფორმა.
„ამჟამად, იუსტიციის საბჭოში მიმდინარეობს მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსი, რომლის შედეგად უნდა დაინიშნოს დაახლოებით, 65 მოსამართლე. სამოქალაქო საზოგადოების ნაწილში არსებობს მოსაზრება, რომ ეს კონკურსი ჩატარდა გაუმჭვირვალედ, დარღვევებით და მასში მონაწილეობდა რამდენიმე კანდიდატი, რომელთა პროფესიული ბიოგრაფია კითხვის ნიშნებს აჩენს საზოგადოებაში. შესაბამისად, არსებობს საშიშროება, რომ ამ გასაუბრების შედეგად სასამართლო დაკომპლექტდეს მოსამართლის მანტიასთან შეუსაბამო კანდიდატებით, რაც კიდევ ერთხელ ასუსტებს სასამართლოსადმი საზოგადოების ნდობას. ჩვენი აზრით, ამ მძიმე შედეგის გარკვეულწილად, თავიდან ასაცილებლად და დაზღვევისათვის, შეიძლება, რომ პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღოს სასამართლო რეფორმის ე.წ. მესამე ტალღა, რომელიც 27 აპრილის შემდეგ გაუგებარი მიზეზითაა გაჩერებული და რომლის მიღებაც ვერ მოხერხდა ამ თარიღის შემდეგ”, – განაცხადა ანა დოლიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები