პროკურატურა ფარული ჩანაწერების საქმეზე სამ ბრალდებულთან საპროცესო გარიგებას გეგმავს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ფარული ჩანაწერების საქმის განხილვა მთელი დღის განმავლობაში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. ეს გადაწყვეტილება მოსამართლემ პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო.
სხდომათა დარბაზში მოსამართლის წინაშე ბრალდებულები: ზურაბ ჯამალაშვილი, ირაკლი ფხალაძე, ნიკოლოზ ხაჭაპურიძე, ინგა ჩატოიანი და გელა ღურცკაია წარდგნენ. პროცესის დასრულების შემდეგ პროკურორმა ლაშა კოტრიკაძემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
“დღევანდელ სხდომაზე სასამართლომ განიხილა მხარეთა შუამდგომლობები მტკიცებულებების დასაშვებობის თაობაზე. ამის შემდეგ ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა შუამდგომლობები დააყენეს რიგი მტკიცებულების დაუშვებლობის თაობაზე, რაზეც მოსამართლემ განგვისაზღვრა გონივრული ვადა, რათა ჩამოვაყალიბოთ ჩვენი პოზიციები. შემდეგ, სასამართლო სხდომაზე წავრდგებით ჩვენი პოზიციებით და სასამართლო საბოლოოდ მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელი მტკიცებულებები იქნება დასაშვები და რომელი არა. ბრალდება ითხოვს რიგი დოკუმენტაციის, გამოკითხვის ოქმებისა და ასევე გარკვეული წერილების დაუშვებლობას. ბრალდების მხარის აზრით, გარკვეული კანონმდებლობის დარღვევით არის აღნიშნული მტკიცებულებები და სწორედ ამას შეეხებოდა ჩვენი შუამდგომლობა ამ მტკიცებულებების დაუშვებლობაზე“,- განაცხადა პროკურორმა.
საქმეზე დაკავებულია 5 პირი, თუმცა პროკურატურა ნიკოლოზ ხაჭაპურიძესთან, ინგა ჩატოიანთან და გელა ღურცკაიასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას გეგმავს.
“საპროცესო შეთანხმება ფორმდება იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდებული აღიარებს დანაშაულს, იგი თანამშრომლობს გამოძიებასთან და საპროცესო შეთანხმების არსი გულისხმობს, რომ არ მოხდება საქმის არსებითი განხილვა და ამით დასრულდება სამართალწარმოება ინგა ჩატოიანის მიმართ. ამასთანავე, შეთანხმების საფუძველზე ჩატოიანი სრულყოფილ ჩვენებას მისცემს სასამართლოს, რაც გულისხმობს ბრალდებულების წინააღმდეგ ჩვენების მიცემასაც”,- განაცხადა ინგა ჩატოიანის ადვოკატმა, ნუნუ თოდრიამ.
სასამართლო პროცესი 12 ივლისს განახლდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები