გურამ ადამაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში დასაბრუნებლად ყველა ბერკეტს გამოიყენებს
არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციას“ აღმასრულებელი დირექტორის, პოლიტოლოგ გურამ ადამაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრობის“ წარმომადგენლები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რათა ნებისმიერი ბერკეტი გამოიყენონ ხელისუფლებაში დასაბრუნებლად.
აღნიშნულით გურამ ადამაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის „,მეორე არხზე“ გადაცემა „არგუმენტების დროში“ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თანამდებობაზე გიგი წერეთლის კანდიდატურის წარდგენას გამოეხმაურა.
„ეუთო-ს მისია და ეუთო-ს როლი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. რაც შეეხება გიგი წერეთელს, „ნაციონალური მოძრობის“ წარმომადგენლები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რათა დაბრუნდნენ ხელისუფლებაში და ნებისმიერი ბერკეტი, რაც კი არსებობს, სათავისოდ გამოიყენონ, რადგან მათ იციან, რა არის „ხელისუფლების გემო“. გიგი წერეთლის კანდიდატურა პირდაპირ კავშირშია „ნაცმოძრაობის მიერ“ გარკვეულ პოლიტიკური ბერკეტების გამოყენებასთან“,- განაცხადა ადამაშვილმა.
გადაცემაში საუბრის თემა ახმედ ჩატაევსაც შეეხო, რომელიც სტამბოლის აეროპორტში მომხდარი თავდასხმის სავარაუდო ორგანიზატორად დასახელდა.
„სამწუხაროდ, ჩატაევისნაირი ადამიანი წინა ხელისუფლებას ძალიან ბევრი ჰყავდა. ისინი მსგავსი ტიპის ადამიანებს უქმნიდნენ სერიოზულ კომფორტს, რომ გარკვეული დავალებები შეესრულებინათ. წინა ხელისუფლებას ჰქონდა ტაქტიკა – თუ ადამიანს ჰქონდა გარკევული ინფორმაცია, რაც არ უნდა გასულიყო საზოგადოებაში, მათთვის პრობლემას არ წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ გარკევული საქმე „შეეკერათ“, როგორც ხდებოდა ხოლმე და ამ მიმართულებით ამ ადამიანისთვის ბრალი წაეყენებინათ. ჩატაევი ფაქტობრივად მხილებულია სხვადასხვა დანაშაულში და გასაკვირი არ არის, რომ იარაღი ედო, მაგრამ მე იმას ნამდვილად ვერ დავიჯერებ, რომ ჩატაევი დაჭერილი იყო იარაღის ტარების გამო. კაცმა არ იცის, რა მოლაპარაკება იყო ჩატაევსა და წინა ხელისუფლებას შორის, მაგრამ ფაქტია, წინა ხელისუფლებას ეგონა, რომ ჩატაევს ბოლომდე გამოიყენებდა სათავისოდ და ამისთვის ყველანაირი პირობა შეუქმნა, მაგრამ ეტყობა, ჩატაევმა გადაუხვია გზას და ამის გამო აიყვანეს“, – თქვა ადამაშვილმა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციას“ ხელმძღვანელმა სულხან მოლაშვილზე საუბრისას განაცხადა, რომ წინა ხელისუფლების ერთ-ერთ დიდი მინუსი იყო ის, რომ თუ ადამიანი არ მოეწონებოდათ, ბოლომდე წირავდნენ.
„ისინი არ აფასებდნენ ადამიანს. მოლაშვილი იყოს მსხვერპლი. ეს სტრასბურგის სასამართლომაც დაამტკიცა. დღევანდელმა ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა გამოიძიოს ისეთი საქმეები, როგორიც იყო ბატონი სულხან მოლაშვილის და არა მარტო მოლაშვილის. დღესაც არსებობს ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები, რომლებზეც აუცილებელია საზოგადოებას სრული ინფორმაცია მიეწოდოს“, – განაცხადა ადამაშვილმა.
გურამ ადამაშვილმა ასევე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საზოგადოებამ არჩევანი პოლიტიკური პარტიის წარსულიდან გამომდინარე უნდა გააკეთოს.
„ძალიან საინტერესო არჩევნები გველის წინ, იქიდან გამომდინარე, რომ კოალიცია დაიშალა. საზოგადოებას უფრო დიდი არჩევანი აქვს, თუმცა საზოგადოებამ არჩევანი იქიდან გამომდინარე უნდა გააკეთოს, ვის რა პოლიტიკური წარსული აქვს.
პოლიტიკოსის ერთი პარტიიდან მეორეში გადასვლა და მეორიდან მესამეში გადასვლა ეს ჩემთვის დიდ ეჭვს აჩენს. საზოგადოებამ უნდა გააკეთოს არჩევანი ისეთ პარტიაზე, რომელსაც აქვს სუფთა წარსული და რომელიც ზრუნავს ხალხზე. ასეთი პარტიები არსებობენ და მათ მეტი შესაძლებლობა აქვთ, ვიდრე სხვა პარტიებს და თუ ისინი ჯერ კიდევ, სანამ დროა, გონს არ მოეგნენ, იქედან გამომდინარე, რომ საზოგადოებაზე არ იზრუნეს, ისინიც, რა თქმა უნდა, ცუდი შედეგით დაასრულებენ“, – განაცხადა ადამაშვილმა და დასძინა, რომ 2016 წლის არჩევნები უნდა ჩატარდეს დემოკრატიულად და გამჭვირვალედ.