ანი მიროტაძე ჯონ ქერის ვიზიტზე – ასეთი შეხვედრები მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილის ჩამოტანის ხასიათს ატარებს

საქართველოს პარლამენტის წევრი, „ეროვნული ფორუმის“ წარმომადგენელი ანი მიროტაძე საქართველოში აშშ სახელმწიფო მდივანის ჯონ ქერის ვიზიტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ასეთი შეხვედრები მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილის ჩამოტანის ხასიათს ატარებს. „ვარშავის სამიტამდე ორი დღე დარჩა, საპარლამენტო არჩევნებამდე კი სამი თვეა დარჩენილი. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული მოკავშირის ვიზიტი ჩვენთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. ასეთი ვიზიტები ხშირ შემთხვევაში მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილების ჩამოტანის ხასიათს ატარებს. აქედან გამომდინარე, ველოდები მკაფიო გზავნილს, როგორც ვარშავის სამიტთან, ასევე ზოგადად, საქართველოს მომავალთან დაკავშირებით. როგორ მოხდება ნატოში სამომავლოდ გაწევრიანება და რამდენად არის მზად აშშ ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ არჩევნები გაიმართოს დემოკრატიულად – ყველა პარტიისთვის და ყველა პოლიტიკური ძალისთვის. მე ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ვინმე უნდა ჩაერიოს ამ არჩევნებში გარედან, მაგრამ ასევე, ახლოს ვარ იმ აზრთან, რომ ერთხელ და სამუდამოდ რომ ავაშენოთ დემოკრატიული ქვეყანა, ამისთვის მაქსიმალური მხარდაჭერა გვჭირდება, განსაკუთრებით კი ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისგან და აშშ-სგან“,- განაცხადა მიროტაძემ. „კვირაში“ გამართულ პრესკონფერენციაზე მიროტაძე სხვა მნიშვნელოვან საკითხებსაც შეეხო, არჩევნებზე საუბრისას კი განაცხადა, რომ „ეროვნული ფორუმი“ ბარიერის პრობლემას არც კი განიხილავს. „ბარიერის პრობლემა ჩვენთვის არ დგას და ამ საკითხს არც განვიხილავთ. განვიხილავთ იმას, რომ რაც შეიძლება მაღალი შედეგი გვქონდეს არჩევნებში, თორემ ის, რომ „ეროვნული ფორუმი“ დარჩება საპარლამენტო საქმიანობის მიღმა, რა თქმა უნდა, ამაში ეჭვი არ გვეპარება. რაც შეეხება იმას, თუ ვინ იქნებიან წარმოდგენილნი ფორუმის სახელით, გეტყვით, ჩვენ უახლოეს მომავალში მოვახდენთ ჩვენი მაჟორიტარების კანდიდატების პრეზენტაციას როგორც თბილისის, ასევე რეგიონის მაშტაბით. კონკრეტული გვარების დასახელებისგან თავს შევიკავებ, თუმცა, მინდა გითხრათ, რომ თბილისის 22 რაიონში და ყველა დანარჩენ 51 საარჩევნო ოლქში ჩვენი წარმომადგენელი გვეყოლება. აქ იქნებიან როგორც ეროვნული ფორუმის წარმომადგენლები, ასევე იქნებიან ახალი სახეებიც. მე მივდივარ მაჟორიტარად ჭიათურის საარჩევნო ოლქში და ვაპირებ, რომ გავიმარჯვო. ჩემი გზავნილი აქედანვე, სწორედ ეს არის – გამარჯვება“,- განაცხადა მიროტაძემ. მისივე განცხადებით, ჭიათურას დღეს ცვლილებები სჭირდება, რადგანაც ის რეგრესისკენ მიდის. მიროტაძემ ხაზი გაუსვა მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ ვითარებას, მაღალ მიგრაციას და უმუშევრობას. „ჭიათურაში დღეს რეგრესია, აუცილებლად უნდა დავიწყოთ ამ ქალაქის განვითარებაზე ფიქრი. ჭიათურა ჩემი ბავშვობის ქალაქია. აქ არის ჩემი ფუძე, აქედან გამომდინარე, არავისთვის მოულოდნელი არ არის, რომ ადამიანი გარკვეულ მომენტში მიდის იქ, სადაც ჰყავს მეტი გულშემატკივარი და სადაც უფრო მეტად სჯერათ მისი, მე ვიცი, რომ ამ ქალაქში სჯერათ ჩემი“,- განაცხადა მიროტაძემ. შეკითხვაზე, თუ ვის მოიაზრებდა მიროტაძე მის კონკურენტად, მან განაცხადა, რომ შეკითხვას ღიად დატოვებდა, რადგან მისთვის ამ ეტაპზე იმ ადამიანების მხარდაჭერა, რომელიც მას ხმას მისცემდნენ, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი იყო. მისივე განცხადებით, ამ ეტაპზე მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ და „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატის ვინაობაა ცნობილი. ჟურნალისტის შეკითხვაზე, ჰქონდა თუ არა „ეროვნულ ფორუმს“ კონსულტაციები „ქართულ ოცნებასთან“ იმასთან დაკავშირებით, რომ არ მოხდეს მაჟორიტარი კანდიდატების ერთმანეთთან დაპირისპირება, მიროტაძემ განაცხადა, რომ ამაზე საუბარი მათ შორის არ ყოფილა. „ყველა პოლიტიკურმა ძალამ იცის მისი შესაძლებლობების შესახებ. აქედან გამომდინარე, ალბათ ყველა მიხვდება, თუ ვის აქვს გამარჯვების შანსი. „ქართულ ოცნებასთან“ ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები ნამდვილად არ გვქონია“,- განაცხადა მიროტაძემ. დღევანდელ პრესკონფერენციაზე, საარჩევნო სიებზე საუბრისას, მიროტაძემ ასევე განაცხადა, რომ მისთვის, პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან მხოლოდ ცნობილ სახეებზე აქცენტის გაკეთება მიუღებელია. „ვერავინ დამარწმუნებს იმაში, რომ, მაგალითად, თუ საგარეჯოში იმ კანდიდატს დააყენებთ, ვისაც ბევრი აქვს მისი რაიონისთვის გაკეთებული, თუმცა შესაძლოა, ეროვნული მასშტაბით ის არ იყოს ცნობილი, ნაკლები კონკურენცია გაუწიოს ცნობილ ადამიანს. ვთვლი, რომ ასეთი გათვლა არასწორია, კანდიდატების არჩევა უნდა მოხდეს კონკრეტული რაიონის სპეციფიკიდან გამომდინარე“,- განაცხადა მიროტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები