არჩილ ხაბაძემ თანამდებობა დატოვა – ვიდეო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძემ თანამდებობა დატოვა. განცხადება არჩილ ხაბაძემ რამდენიმე წუთის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. ხაბაძის განცხადებით, ის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩაერთვება.
აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა ბრიფინგზე 2012 წლის არჩევნების შემდეგ, აჭარის რეგიონში განხორციელებულ პროექტებსა და რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება. როგორც ხაბაძემ განაცხადა, ის ამაყობს საკუთარი გუნდის მიღწევებით და იმით, რომ ოთხი წლის განმავლობაში აჭარის მთავრობის საქმიანობა იყო ღია და გამჭვირვალე.
“ჩვენ პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციებისა და მსჯელობის საფუძველზე, მივიღე გადაწყვეტილება, ოთხწლიანი მოღვაწეობის შემდეგ, დავტოვო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტი და ახალ ამპლუაში განვაგრძო ქვეყნისა და რეგიონის სამსახურში ყოფნა. მინდა აღვნიშნო, რომ მთავრობის თავმჯდომარის პოსტის დატოვების შემდეგ, აქტიურად ჩავერთვები „ქართული ოცნების” გუნდთან ერთად, წინასაარჩევნო პროცესებში, რათა გაგრძელდეს წინსვლა და განვითარება, რომელიც საქართველოში და აჭარაში 2012 წლის არჩევნების შემდეგ დაიწყო.
მინდა მადლობა გადავუხადო აჭარის მოსახლეობას და ქვეყნის ცენტრალურ ხელისუფლებას გამოცხადებული ნდობისა და თანადგომისთვის. მადლობა თქვენ ჟურნალისტებს და  არასამთავრობო ორგანიზაციებს თანამშრომლობისათვის, მადლობა ჩემი გუნდის წევრებს და ყველა საჯარო მოხელეს დაუღალავი შრომისთვის.
წარმატებას ვუსურვებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მომავალ თავმჯდომარეს ქვეყნისა და რეგიონის სამსახურში”, – განაცხადა ხაბაძემ.
გავრცელებული ცნობით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე არჩილ ხაბაძეს ყაზახეთში საქართველოს ელჩი ზურაბ პატარაძე შეცვლის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები