საგარეო უწყებამ არჩილ გეგეშიძე მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო თბილისში გამოიძახა

საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ში საქართველოს ელჩი არჩილ გეგეშიძე მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო თბილისში გამოიძახა.
აღნიშნულის შესახებ საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილე დავით ზალკალიანმა განაცხადა.
”ელჩი გამოძახებულია. ჩვენ გვექნება მასთან საუბარი. ბუნებრივია, ამის შემდეგ დავუბრუნდებით ამ საკითხს”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა, რომელმაც არ უპასუხა შეკითხვას, რამდენად არის შესაძლებელი გეგეშიძის მიერ გაკეთებული განცხადება მისი გათავისუფლების საფუძველი გახდეს.
როგორც ცნობილია, არჩილ გეგეშიძე თბილისში უკვე დაბრუნდა. ის ამერიკის შეერთებული შტატებიდან გვიან ღამით ჩამოვიდა, თუმცა აეროპორტში ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
”კომენტარს არ ვაკეთებ. ტყუილად გარჯილხართ. საგარეო საქმეთა სამინისტროში უნდა განვიხილოთ ეს თემები და ამის შემდეგ გაჟღერდება ყველაფერი, რაც თქვენ გაინტერესებთ”, – განუცხადა გეგეშიძემ ჟურნალისტებს.
აშშ-ში საქართველოს ელჩმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ პრორუსული ძალები მმართველ გუნდში არიან, მაგრამ გადაწყვეტილების მიმღებ პროცესზე არ მოქმედებენ.
აღნიშნულ განცხადებას გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა ”არაკვალიფიციური ელჩის არაკომპეტენტური განცხადება” უწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები