გიგი წერეთელი: არავის გავუსწორებ ანგარიშს, უბრალოდ, გარკვეულ შეფასებებს ეტაპობრივად გავაკეთებთ

არავის გავუსწორებ ანგარიშს, უბრალოდ, გარკვეულ შეფასებებს ეტაპობრივად გავაკეთებთ, – ამის შესახებ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესიის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს დეპუტატმა გიგი წერეთელმა განუცხადა,რითიც კენჭისყრის შედეგებს გამოეხმაურა.
დეპუტატის თქმით, მისთვის მთავარია, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, რომელიც საქართველოში ტარდებოდა, წარმატებით დასრულდა და დელეგატები კმაყოფილები არიან.
„საქმის გარჩევას არ დავიწყებ, თუმცა ყველაფერი ვიცი. დიდი მხარდაჭერა მქონდა, თუმცა ბევრი დელეგატი წავიდა. ვიცოდი, რომ მეორე ტური იქნებოდა, თუმცა ჩემთვის მთავარია, რომ რეზოლუცია მიიღეს და საქართველოში ეს ღონისძიება ჩატარდა. ჩემი პრინციპია – „მე არ ვაგებ, ვიგებ, ან ვსწავლობ“. ახლა ვისწავლი და ვეცდები, ეს ნასწავლი გამოვიყენო. ეს ქრესტომათიული მაგალითი იქნება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში იმის თაობაზე, თუ როგორ არ უნდა იქცეოდეს მთავრობა მაშინ, როდესაც მის წარმომადგენელს შანსი აქვს, საერთაშორისო ორგანიზაციაში თანამდებობა დაიკავოს“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.
წერეთელი არ გამორიცხავს, რომ ეუთოს ასამბლეის საპრეზიდენტო არჩევნებში მან საკუთარი შანსი ისევ მოსინჯოს. არჩევნების მეორე ტურის შედეგების მიხედვით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე ავსტრიის წარმომადგენელ კრისტინა მუტონენს 86-მა დელეგატმა დაუჭირა მხარი, გიგი წერეთელს კი -73-მა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები