ქრისტინ მუტონენი: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის არჩევნები დემოკრატიის კარგი მაგალითი იყო

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის არჩევნები დემოკრატიის კარგი მაგალითი იყო, – ასე შეაფასა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ქრისტინ მუტონენმა დღევანდელი გადაწყვეტილება. მისივე განმარტებით, დემოკრატია მუშა პროცესია და ყველა ქვეყანამ ამ მიმართულებით მუშაობა უნდა გააგრძელოს.
„მადლობას ვუხდი ჩემს კოლეგებს, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ დემოკრატიულ პროცესში. ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი კარგი ნიშანი იყო ჩვენი წევრი ქვეყნებისთვის, რომ გვეჩვენებინა, როგორ შეგვიძლია ერთად მუშაობა, მაშინაც კი, როდესაც განსხვავებული შეხედულებები გვაქვს და წარმოვადგენთ სხვადასხვა ქვეყანას, სხვადასხვა პარტიას და სხვადახვა რეგიონს“,- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ქრისტინ მუტონენმა.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის შედეგების მიხედვით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, 86 ხმით, ავსტრიის წარმომადგენელი კრისტინა მუტონენი გახდა.
პრეზიდენტობის კიდევ ერთ კანდიდატს, გიგი წერეთელს კი -73-მა დელეგატმა მისცა ხმა. არჩევნების მეორე რაუნდი ორ კანდიდატს -კრისტინა მუტონენსა და გიგი წერეთელს შორის გაიმართება. პირველ ტურში კრისტინა მუტონენს 91-მა დელეგატმა დაუჭირა მხარი, ფრანგ ალან ნერის – 26-მა, გიგი წერეთელს კი – 85-მა.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი დღეს, თბილისში მიმდინარე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე სესიის ბოლო სხდომაზე აირჩიეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები