კანდელაკის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

კანდელაკის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. სახელწიფო ბრალდების ინფორმაციით, ბექა დემეტრაძემ გამოძიებისთვის უცნობ პერიოდში შეიძინა 12-კალიბრიანი სანადირო თოფი, გადაჭრა და უკანონოდ ინახავდა. 2016 წლის 1-ელ ივლისს კი, ღამის საათებში აღნიშნული იარაღით, კანდელაკის ქუჩაზე მიხეილ ცხაკაიას ორჯერ ესროლა. გამოძიების ინფორმაციით, მიხეილ ცხაკაიას ბრალდებულის ყოფილ მეუღლესთან სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა და ბექა დემეტრაძემ მას გადაჭრილი სანადირო თოფით სასიკვდილო ჭრილობები შურისძიების მიზნით მიაყენა.
როგორც პროკურორმა ნიკოლოზ ნინიძემ სასამართლო პროცესზე აღნიშნა, ბრალდებული დაკავების მომენტში მიმალვას შეეცადა.
ბრალდების მხარე ბექა დემეტრაძისთვის პატიმრობის, დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით 3-ათასლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა. თავის მხრივ, ბრალდებულის ადვოკატმა ნინო ლალიაშვილმა აღნიშნა, რომ ბექა დემეტრაძე აღიარებს ჩადენილ ქმედებას და გამოძიებისთვის მიცემული მისი ჩვენებიდან გამომდინარე, იცოდა რაზეც მიდიოდა.
მისივე ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებისას მიმალვას არ ცდილობდა და გამოძიებასთან თანამშრომლობს. აქედან გამომდინარე, ნინო ლალიაშვილმა მოსამართლის წინაშე იშუამდგომლა, რომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, 3 ათასი ლარი შეფარდებოდა. ადვოკატის მტკიცებით, არ არსებობს ბრალდებულის მხრიდან მიმალვის, ან მტკიცებულებების განადგურების საშიშროება. მოსამართლე რომან ხორავამ არ გაიზიარა დაცვის მხარის შუამდგომლობა და ბრალდებულს, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევ ბექა დემეტრაძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები