მაგდა პაპიძის საქმეზე ნაფიცი მსაჯულები ვერდიქტს დღეს გამოიტანენ

მეუღლისა და შვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მაგდა პაპიძის საქმეზე, ნაფიცი მსაჯულები ვერდიქტს დღეს გამოიტანენ.  დღევანდელ პროცესზე ბრალდებისა და დაცვის მხარეები დასკვნით სიტყვას წარმოთქვამენ, რის შემდეგაც რეპლიკების ეტაპი დადგება, ბოლოს კი ბრალდებული საბოლოო სიტყვას იტყვის და ამის შემდეგ ნაფიცი მსაჯულები ვერდიქტის გამოსატანად გავლენ.
საქმის ნაფიცი მსაჯულების მიერ განხილვა თავად ბრალდებულმა, მაგდა პაპიძემ მოითხოვა, რა დროსაც განმარტა, რომ მისი სურვილია საქმის დეტალების შესახებ საზოგადოება მაქსიმალურად ინფორმირებული იყოს.
კანონის თანახმად, ნაფიც მსაჯულებს თავდაპირველად 3-საათიანი ვადა მიეცემათ და აღნიშნულ პერიოდში მათ ბრალდებულის გამართლების, ან გამტყუნების გადაწყვეტილება ერთხმად უნდა მიიღონ. თუ გადაწყვეტილება ერთხმად არ იქნა მიღებული, მოსამართლე მათ 6-საათიან ვადას მისცემს. ამ ვადაში ვერდიქტი ხმათა უმრავლესობით უნდა იქნას მიღებული. კერძოდ, 12 ნაფიცი მსაჯულის შემთხვევაში, გადაწყვეტილება მიღებული იქნება იმ შემთხვევაში, თუ 8 ნაფიცი მსაჯული ერთი ვერდიქტის მომხრე იქნება. თუ გადაწყვეტილება ამ შემთხვევაშიც არ იქნა მიღებული, მოსამართლე ნაფიც მსაჯულებს დამატებით 3-საათიან ვადას მისცემს, რათა გადაწყვეტილება ხმათა იგივე რაოდენობით იქნას მიღებული.
შეგახსენებთ, რომ მაგდა პაპიძე ბრალდებულად 2015 წლის 21 დეკემბერს, სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით ცნეს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და თავისუფლების აღკვეთას ვადის 16-20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები