მეუღლისა და შვილების ცემისთვის სამართალდამცავებმა 45 წლის მამაკაცი დააკავეს

ბრალდების მხარის ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პიროვნება გორში, მეჯვრისხევის ბარაკებში, საკუთარ მეუღლეს და ორ მცირეწლოვან შვილს, სიტყვიერად და ფიზიკურად გაუსწორდა.
გორის რაიონულ სასამართლოში დაკავებულის სასამართლო პროცესი გაიმართა.
“მინდა აღვნიშნო, რომ ამ პიროვნებამ ჯერ მეუღლეს მიაყენა ფიზიკური შურაცხყოფა, მერე კი 6 და 10 წლის მცირეწლოვან შვილებს და როდესაც გაიგო, რომ დაზარალებულმა მეუღლემ პოლიციაში დარეკა, იგი გაიქცა და მიიმალა”, – აცხადებს პროკურორი ია მეფარიშვილი.
დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ პროკურატურის მხრიდან დაკავებულის მიმართ ბრალდება არასწორია.
“ბატონო მოსამართლევ, არასწორია ის, რასაც პროკურატურა ამბობს, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არსად გაქცეულა და არც მიმალულა, იმ დროს, როდესაც პოლიციამ დააკავა, ის სამსახურში იმყოფებოდა, იმ ადგილას, სადაც ყოველ დღე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებს”, -განაცხადა ადვოკატმა ტანია რაზმაძემ. რ
ოგორც სასამართლო პროცესიდან ირკვევა, დაზარალებულმა ქალბატონმა შემთხვევის ღამეს ქმარს ჯერ პოლიციაში უჩივლა, მისი დაკავების შემდეგ კი განცხადება დაწერა გათავისუფლების მოთხოვნასთან დაკავშირებით.
„მეუღლემ დარეკა პოლიციაში, მან უჩივლა ქმარს და ახლა ითხოვს განთავისუფლებას? როგორც უნდათ, ისე მოიქცნენ, მაგრამ 6 ან ათი წლის ბავშვი რატომ უნდა ცხოვრობდეს ძალადობაში? “, -მიმართა მოსამართლეს პროკურორმა.
” მინდა გთხოვოთ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, პატიმრობის ნაცვლად 2000 ლარი გირაო შეუფარდოთ, რადგან მეუღლე ამბობს, რომ თუ მის ქმარს ციხეში გაუშვებენ, მათი ოჯახი ყველანაირი შემოსავლის გარეშე დარჩება და ბავშვებიც მშივრები დარჩებიან “, – მიმართა მოსამართლეს ადვოკატმა.
მოსამართლემ ოჯახურ ძალადობაში ბრალდებული 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა და უთხრა, რომ იგივე ქმედების ჩადენის შემთხვევაში პატიმრობა დაემუქრება.
“როგორც ჩვენთვის ცნობილია, თქვენ შემაკავებელი ორდერიც გქონდათ დამტკიცებული, ასე რომ, ეს ბოლო და უკანასკნელი იყოს. თუ რამეს გაიმეორებთ შემდეგში, აუცილებლად პატიმრობაში გაგიშვებთ”, – მიმართა დაკავებულს მოსამართლე ნინო გერგაულმა.
წყარო: “ქართლი.გე”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები