კონკურსი „თბილისი“ – საინტერესო ნომინაციების გამოსავლენად
ხელოვნება რომ ერთ-ერთი პრიორიტეტული სფეროა და სახელმწიფოსგან განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, ცალსახაა, თუმცა საზოგადოების გარკვეული ნაწილი მაინც აპელირებს მასზედ, რომ სწორად დასახული პრიორიტეტების მიუხედავად, საქართველოში ნიჭიერ ახალგაზრდებს ნაკლებად ეძლევათ ნიჭის გამოვლენის შესაძლებლობა.
ერთი შეხედვით, პრობლემები, მართლაც, არის, თუმცა, თუ საკითხს სხვაგვარად მივუდგებით, ცხადი გახდება, რომ დღეს ნიჭიერი ახალგაზრდების გამოსავლენად და მათთვის შესაბამისი პლატფორმების შესაქმნელად არაერთი უწყება მუშაობს.
მაგალითისთვის, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ორგანიზებული კონკურსი „თბილისიც“ გამოდგება, რომელსაც გასულ წელს საზოგადოების მხრიდან განსაკუთრებული გამოხმაურება მოჰყვა. კონკურსის ფარგლებში არაერთი ნომინაცია იყო დასახელებული, მათ შორის, ჯილდო საუკეთესო პროზაული ნაწარმოებისთვის , პოეტური ნაწარმოებისთვის, წლის საუკეთესო ესესთვის, სიმღერისთვის, ფერწერული ნაწარმოებისთვის, ქანდაკებისთვის, ფოტოსთვის და არქიტექტურული ნაწარმოებისთვის. შედეგად, არაერთი ნიჭიერი ახალგაზრდა გამოვლინდა, რომლებსაც სხვადასხვა ჯილდო ერგოთ წილად, მათ შორის 1500 ლარის ოდენობის ფულადი პრემია და მოქანდაკე გია ჯაფარიძის მიერ სპეციალურად კონკურსისთვის შექმნილი პრიზი – ხოხბის ქანდაკება.
აღსანიშნავია, რომ საკრებულოს მიერ ორგანიზებული კონკურსი „თბილისი“ წელსაც ჩატარდება, თუმცა წლევანდელი კონკურსი განსაკუთრებული იქნება იმით, რომ საზოგადოების ჩართულობა წელს გაცილებით უფრო მაღალია. შესაბამისად, მაღალი იქნება კონკურენციაც. ნამუშევრების მიღება მაისის ბოლოს დაიწყო და ივლისის ბოლომდე გაგრძელდება. კონკურსის ჟიური დაკომპლექტებული იქნება ისეთი ცნობილი ადამიანებით, როგორიც არიან: მსახიობი ნიკოლოზ შენგელაია, კომპოზიტორი დავით ევგენიძე და სხვები, გამარჯვებულები კი სექტემბრის ბოლოსკენ გამოვლინდებიან.
21 წლის ლიკა, სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტია, კონკურსის შესახებ მან სოციალური მედიით შეიტყო. სურს, რომ პროექტში მონაწილეობა მანაც მიიღოს.
„ძალიან მინდა კონკურსში მონაწილეობა. ჩემთვის ფულადი პრემიაც მნიშვნელოვანია. კარგად ვწერ და კარგ ფოტოებსაც ვიღებ. ვფიქრობ, კონკურსზე ორი ნამუშევარი გავაგზავნო, როგორც ვიცი, შეზღუდული არ ვარ, ვნახოთ, რა გამოვა. მთავარი მაინც ის არის, რომ შესაძლებლობა მაქვს, გავიზარდო და განვვითარდე. არც ისეა საქმე, როგორც ამბობენ ხოლმე, ახალგაზრდებს არაფრის შესაძლებლობა არ აქვთო, თუ სურვილია, ყოველთვის იპოვის ადამიანი სიახლეს, მე ბევრ კონკურსში მიმიღია მონაწილეობა და წელსაც ასე მოვიქცევი“,-აცხადებს ლიკა ბაღიშვილი „კვირასთან“ საუბრისას.
საკრებულოს კულტურისა და განათლების საკითხებში მრჩეველი და კონკურსის „თბილისის“ საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელი თიკა რუხაძე მიიჩნევს, რომ საკრებულოს მიერ ორგანიზებული კონკურსი ნიჭიერი ახალგაზრდების გამოსავლენად და მათ წასახალისებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. „კვირასთან“ საუბრისას, რუხაძემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ დღეს სახელმწიფო კულტურისა და ხელოვნების განვითარების კუთხით, სწორ პოლიტიკას აწარმოებს.
„თბილისის საკრებულოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი აქტივობების მხარდაჭერა, რომელიც ნიჭიერი და შემოქმედებითი ადამიანების გამოვლენაზე და ხელშეწყობაზეა ორიენტირებული. ის, რომ თბილისის საკრებულოს ინიციატივით უკვე მეორე წელია აღნიშნული კონკურსი ტარდება, გვაძლევს უფლებას, დავასაბუთოთ, რომ სახელმწიფოს და უშუალოდ თბილისის მუნიციპალიტეტის მხრიდან კულტურას დღეს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. სამწუხაროდ, ხელოვან ადამიანებს ხშირად არ უყვართ საკონკურსო ვითარებაში ყოფნა. თუმცა ესეც მესმის, რადგან, როდესაც შემოქმედი ხარ, სამყაროს ისე ხატავ ან ასახავ, როგორც ხედავ და გრძნობ და ასეთ დროს შესაძლოა, ჟიურის შეფასება ან სხვა ადამიანებთან კონკურენცია მიუღებელია. და მიუხედავად ამისა, კონკრეტულად კონკურსი „თბილისის“ შემთხვევაში უშუალოდ დედაქალაქს აქვს პლატფორმა, სადაც ნიჭიერი ადამიანები მათი შესაძლებლობების გამოვლენას შეძლებენ. თუკი შემოქმედ ადამიანს აქვს სურვილი, საკუთარი თავი გამოავლინოს, ეს ნამდვილად საუკეთესო საშუალებაა. თბილისის საკრებულოს ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსი კიდევ ერთი ფორმაა ნიჭიერი და შემოქმედი ადამიანების მხარდაჭერისა. ამ მხრივ ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ კულტურას დღეს ყურადღება ექცევა და სახელმწიფო მოხელეები ფიქრობენ ხელოვნების განვითარების ხვალინდელ დღეზე“,-განაცხადა რუხაძემ.
„კვირა“ კონკურსის „თბილისის“ გასული წლის მონაწილეებსაც დაუკავშირდა, თითოეული მათგანი დადებითად ახასიათებდა კონკურსს და აცხადებდა, რომ მასში მონაწილეობას წელსაც გეგმავდა. 27 წლის რეჟისორმა ნიკა ქვრივიშვილმა გასულ წელს ნომინაციაში „წლის საუკეთესო პროზაული ნაწარმოები“ გაიმარჯვა. ჯილდოს სახით მას 1500 ლარის ოდენობის პრემია და მოქანდაკე გია ჯაფარიძის მიერ სპეციალურად კონკურსისთვის შექმნილი პრიზი – ხოხბის ქანდაკება მიიღო.
„კონკურსის შესახებ გასულ წელს, სრულიად შემთხვევით გავიგე, ხშირად მიწევს ლიტერატურულ წრეებში ყოფნა, კონკურსის შესახებ იქ მითხრეს, შემდეგ ინტერნეტით მოვიძიე, გავაგზავნე ჩემი პროზაული ნაწარმოები, რის შემდეგაც დამიკავშირდნენ. ჩემი ნაწარმოების თემა ებრაელ ადამიანს ეხებოდა, მოქმედება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ვითარდება, ჯილდოს სახით გაწერილი იყო ფულადი პრემია, 1500 ლარის ოდენობის და ხოხბის ქანდაკება, თბილისის სიმბოლო. გარდა იმისა, რომ ჩემმა ნაწარმოებმა ჯილდოს მოპოვება შეძლო, მიხარია, რომ კარგი საქმე კეთდება და ხელოვნებას ყურადღება ექცევა, რაც ნამდვილად დასაფასებელია“,-განაცხადა ნიკა ქვრივიშვილმა.
დათო აბაშაშვილი კონკურს „თბილისის“ კიდევ ერთი გამარჯვებულია. ის სამხატვრო აკადემიის სტუდენტია. გასულ წელს, მან ნომინაციაში „წლის საუკეთესო ქანდაკება“ გაიმარჯვა და ჯილდოს სახით 1500 ლარის ოდენობის პრემია და სუნამო მიიღო. ამბობს, რომ კონკურსი მისთვის განსაკუთრებული სტიმული იყო, მონაწილეობის მიღების სურვილი წელსაც აქვს.
„ კონკურსის შესახებ აკადემიაში შევიტყვე. რამდენიმე მეგობარმა გავაგზავნეთ ჩვენი ნამუშევრები, თუმცა საბოლოოდ მხოლოდ ჩემი ნამუშევარი შეარჩიეს. ჩემს შემთხვევაში, პრიზი ფულადი პრემია, ხოხბის ქანდაკება და ასევე სუნამო იყო. ძალიან სასიამოვნო იყო ჩემი შრომის დაფასება. ნამუშევარი, რომელიც კონკურსზე წარვადგინე, ჩემი სადიპლომო ნამუშევარი იყო – ქალის კომპოზიციას „მობანავე“ ერქვა, ჯერ არ გადამიწყვეტია, მაგრამ კონკურსში მონაწილეობას წელსაც სიმაოვნებით მივიღებდი. კონკურსანტებს ვურჩევდი, რომ იყვნენ თავისუფლები“,- განაცხადა აბაშაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ კონკურსში „თბილისი“ მონაწილეობის მსურველებს, დეტალური ინფორმაციის მიღება საკრებულოს ვებგვერდზე: http://www.tbsakrebulo.gov.ge/ შეეძლებათ. ნამუშევრების მიღება მაისის ბოლოს დაიწყო და ივლისის ბოლომდე გაგრძელდება. რაც შეეხებათ გამარჯვებულებს, ჟიური მათ სექტემბერში გამოავლენს.